დღეს პარლამენტში მთავრობის წევრებს უსმენენ. ფინანსთა მინისტრობის კანდიდატ ივანე მაჭავარიანს რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ მიმართა. ივანე მაჭავარიანი აქამდე კომპანია „ჯეოსელის“ კომერციული დირექტორი იყო და გოცირიძე პოლიტიკაში მისი მოსვლის მოტივით დაინტერესდა.
„თქვენი მინისტრობის მოტივი რა არის? ხომ იცით ნოდარ დუმბაძის ის ძალიან კარგი ნაწარმოები - „შოშია“ რომ თავში ირტყამს ხელს და ამბობს, რა მინდოდა წვენებშიო. ტელეფონებში ხართ და რა გინდათ წვენებში.
„ამიტომ მაინტერესებს, საიდან გაჩნდით და რა არის თქვენი მოტივი?!“ - მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს.
რომან გოცირიძის აზრით, მაჭავარიანის ხედვა მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას არ ემთხვევა. თან ივანე მაჭავარიანი პოლიტიკოსი არ არის და ამიტომ სამინისტროს მართვა გაუჭირდება.
მისი თქმით, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს შეიძლება ჰქონდეს ტექნიკური ცოდნა, მაგრამ მაკროეკონომიკა არ იცის და ვერ შეძლებს კომპლექსურად აზროვნებას.
„საიდან მოუვიდა პრემიერ-მინისტრს, რომ „ჯეოსელის“ საკმაოდ კარგი ბიზნესმენეჯერი წამოიყვანოს მაკროეკონომიკის უზარმაზარ სამყაროში. ეს იგივეა, რომ ალპინისტს მყვინთაობა დაევალოს. ვის გაუჩნდა ეს იდეა?
რაც თქვენ თქვით, ეს ეკლექტური აზრები ძალიან განსხვავდება თქვენი მთავრობის ეკონომიკური პროგრამისაგან. მარტო 1.8 მილიარდი ლარი ინფრასტრუქტურაში იხარჯება, ვალის სახით.
ავტობანი, გვირაბები რიკოთზე თუ გუდაურისკენ, ეს ყველაფერი კეთდება ვალით და საგარეო ვალი იზრდება. თქვენ გყავთ კარგი მოადგილეები და გეპატიებოდათ, რომ იყოთ პოლიტიკოსი, თქვენ რომ გევლოთ სოფელ-სოფელ და შეხება გქონოდათ ამომრჩეველთან“, - მიმართა გოცირიძემ ივანე მაჭავარიანს.
ივანე მაჭავარიანი 1997 წლიდან კომპანია „ჯეოსელში“ მუშაობდა. 2001 წლიდან იყო კომპანიის ფინანსური დაგეგმარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი, 2013 წლიდან კი - კომერციული დირექტორი.
საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დღეს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში, უმცირესობასა და უმრავლესობაში და პლენარულ სხდომაზე განიხილება.
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს.
----------------
„მცირე მთავრობის" შემადგენლობაში 10 სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის ერთი აპარატი იქნება.
პარლამენტისადმი წარდგენილ მინისტრობის კანდიდატებს შორის სამი ახალი კადრია:
1. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ბატიაშვილი;
2. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი;
3. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი ქობულია;
4. თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია;
5. იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი;
6. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი;
7. საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი;
8. ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი;
9. შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი გახარია;
10. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო;
სახელმწიფო მინისტრის აპარატი - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ქეთევან ციხელაშვილი.
სამინისტროების ძველი სახით გაუქმების გამო მინისტრის თანამდებობაზე აღარ იქნებიან სასჯელაღსრულების მინისტრი - კახა კახიშვილი, კულტურის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი - სოზარ სუბარი.