ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის, გიორგი ქობულიას თქმით, მას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხება ადრე, მხოლოდ ერთხელ ჰქონია.
„ბატონ მიხეილ სააკაშვილთან მე შეხვედრილი ვარ სადღაც 2007 წელს. შეიძლება გახსოვთ, იყო ასეთი ინიციატივა, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე ეკონომისტების რაღაც კომისიასავით შეიქმნა და ამ ფარგლებში მახსოვს, ჩამოსული ვიყავი.
რაღაც კრიზისი იყო, ხომ გახსოვთ. მერე მახსოვს ძაან კარგად მცხეთაში წავედით, სალობიეში და ეს ძაან კარგად დამამახსოვრდა. კარგი იყო რა. წაგვიყვანეს ყველა და კაი ლობიო იყო განსაკუთრებით“, - თქვა გიორგი ქობულიამ.
ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ეს კომენტარი უმრავლესობის წევრის, კობა ლურსმანაშვილის მიმართვის საპასუხოდ გააკეთა.
დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის შეკითხვას გამოეხმაურა, რომელმაც ქობულიას ჰკითხა რამე შეხება ხომ არ ჰქონია ბიძინა ივანიშვილთან.
ლურსმანაშვილმა რომან გოცირიძის საპასუხოდ მინისტრობის კანდიდატს მიმართა: „მე მინდა გკითხოთ, როდესმე ბატონ მიხეილ სააკაშვილთან ან რომან გოცირიძესთან ხომ არ გქონიათ შეხება? შთაბეჭდილება არ დამაკარგვინოთ თქვენზე“.