„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან ერთად 9 ოპოზიციურმა პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე დაასახელა. ქუთაისში, ბაგრატის ტაძართან გამართულ ღონისძიებას პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე ესწრებოდა. სწორედ მან მოიწვია სცენაზე გრიგოლ ვაშაძე და მისი მეუღლე ნინო ანანიაშვილი.
გუშინ ოპოზიციურმა პარტიებმა დააფუძნეს, ასევე მოძრაობა „ძალა ერთობაშია“. გაერთიანებულ პარტიებს შეუერთდა „ემსახურე საქართველოს“ დამფუძნებელი მურმან დუმბაძეც, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ წევრი იყო. მას წინა მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერის თანამდებობა ეკავა.
ეს პარტიებია:
- „ნაციონალური მოძრაობა"
- გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო"
- ნიკოლოზ ვაშაკიძის „ახალი საქართველოსთვის"
- ნიკა მაჭუტაძის „სახელმწიფო ხალხისთვის"
- ედპ
- შოთა მალაშხიას „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია"
- პაატა დავითაიას „ევროპელი დემოკრატები"
- ზურაბ ხარატიშვილის „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის"
- მამუკა გამყრელიძის „საქართველო ლიდერთა შორის“
- „ემსახურე საქართველოს“
გრიგოლ ვაშაძე 2008 წლის დეკემბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.
მანამდე, 2008 წლის 1 ნოემბრიდან კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრი.
საქართველოში საჯარო საქმიანობა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა 2008 წლის 6 თებერვალს დაიწყო, როცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშნეს.
გრიგოლ ვაშაძემ 1981 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი.
1981-1988 წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში, ხოლო შემდეგ კოსმოსის და ბირთვული შეიარაღებების განყოფილებაში.
1988-1990 წლებში იყო დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი.
1990 წლიდან 2008 წლამდე დაკავებული იყო კერძო ბიზნესით და ხელმძღვანელობდა მის მიერ დაარსებულ კომპანიებს.
ფლობს რუსულ, ინგლისურ, პორტუგალიურ, იტალიურ, ფრანგულ და ესპანურ ენებს.
გრიგოლ ვაშაძეს საქართველოსთან ერთად რუსეთის მოქალაქეობაც ჰქონდა. მაგრამ 2009 წლის ნოემბერში რუსეთის ფედერაციას მოქალაქეობის შეწყვეტის თხოვნით მიმართა. რუსეთმა მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს მოთხოვნა 2010 წლის 23 ივნისს დაუკმაყოფილა და ვაშაძეს რუსეთის მოქალაქეობა შეუწყვიტა.