Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შშმ პირს, რომელიც 6 თვე ბანკიდან ფულს ქეშად არ გამოიტანს, პენსია უწყდება

17 ივლისი, 2018 18:00

სოციალური პაკეტის მიმღებ პირს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონეს, რომელსაც „ლიბერთი ბანკიდან" ქეშად 6 თვის განმავლობაში ფული არ გაუტანია, პენსია უჩერდება. ამ შინაარსის ჩანაწერი მთავრობის 2012 წლის დადგენილებაშია, რომელშიც ასევე წერია, რომ თუ შშმ პირი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით მიმართავს, სოციალური პაკეტი მომდევნო თვიდან აღუდგება და მიუღებელი თანხაც აუნაზღაურდება. 

„ლიბერალს" აღნიშნული პრობლემით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა, კობა ნადირაძემ მომართა. მას პენსია მოულოდნელად შეუწყდა, რადგან 6 თვის განმავლობაში ბანკში ფულის ასაღებად არ ყოფილა. ის კუთვნილ სოციალურ პაკეტს ინტერნეტბანკის მეშვეობით მართავს.

ამიტომ, ნადირაძე დადგენილების აღნიშნულ ჩანაწერს დისკრიმინაციულად რამდენიმე მიზეზის გამო მიიჩნევს:

„შშმ პირს შეუძლია, იმ ფორმით ხარჯოს კუთვნილი თანხა, რომლითაც მას სურს, იქნება ეს ინტერნეტბანკი, მობაილბანკი თუ ქეში. მეორე მხრივ, ამ მუხლით ირღვევა გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციით განსაზღვრული უფლება, ვისარგებლო საპენსიო დახმარებით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. და მესამე - „ლიბერთი ბანკის" ფილიალების უმეტესობაში არაა დაცული მისაწვდომობის სტანდარტები, არაადაპტირებულია, ასევე ბანკომატები. იქ მისვლა ბევრ პრობლემასთანაა დაკავშირებული".

ჯანდაცვის სამინისტროს პენსიებისა და სოციალური დახმარების სამმართველოს უფროსი, თათია გვარამაძე „ლიბერალთან" განმარტავს, რომ ეს ჩანაწერი დამატებითი კონტროლის მექანიზმია, რომლითაც, სამინისტრო იგებს, არსებობს თუ არა პირი, რომელზეც გასცემს სოციალურ პაკეტს. მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრო სარგებლობს სერვისების განვითარების სააგენტოს გარდაცვლილთა შესახებ არსებული ბაზებით, მათ „ლიბერთი ბანკთან" დადებული აქვთ ხელშეკრულება და ბანკი ყოველ 6 თვეში ერთხელ აწვდის სიას, ვინ გაიტანა ფული და ვინ არა და პენსიაც შესაბამისად წყდება.

თუმცა შეკითხვაზე, რატომ არ ითვალისწინებს ბანკი პირის მიერ ფულის გამოყენების სხვა შესაძლებლობებს, მათ შორის ინტერნეტბანკს? გვარამაძე გვპასუხობს, რომ ბანკის არჩევანია, როგორ დაინახავს პირის ფინანსურ აქტიურობას: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, 6 თვის განმავლობაში არ ჩანდეს პირის უმოძრაობა, ბანკი ამას დაინახავს ბანკომატიდან გატანილი თანხით, თუ ინტერნეტბანკის მომსახურებით, ეს სამინისტროს აღარ ეხება", - ამბობს გვარამაძე და მისივე განმარტებით, განსაკუთრებით სოფლად აწყდებიან პრობლემას, როცა პირის გარდაცვალების შესახებ მოწმობა აღებული არაა, ამიტომ სამინისტროს ადამიანის არსებობის დასადასტურებლად დამატებით, ბანკის დახმარება სჭირდება. 

„ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს ჩანაწერი არაა დისკრიმინაციული არც ერთი თვალსაზრისით. აღნიშნული მუხლი ეხება საბიუჯეტო თანხის მართვას, ამიტომ, დამატებითი ბერკეტი საჭიროა". 

შშმ პირი, კობა ნადირაძე მიიჩნევს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვალდებულებაა, იმოქმედოს პროაქტიულად და ბენეფიციარი თუნდაც ერთი თვით, არ დატოვოს კუთვნილი სოციალური პაკეტის გარეშე: „ეს საკითხი უფრო ღრმა პრობლემას აჩენს -  ჩვენი სოციალური დაცვის სისტემა ორგანიზებულია ისე, რომ ადამიანმა აუცილებელია ამტკიცოს, რომ მხარდაჭერას საჭიროებს. ეს სწორი არაა, სერვისი თავად უნდა იყოს ისე მოწყობილი, რომ პირს კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებულ მხარდაჭერას სთავაზობდეს", - ამბობს კობა ნადირაძე. 

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პრეტენზიით უკვე მიმართა ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს. ასევე, შემთხვევას შეისწავლის სახალხო დამცველის აპარატი და დაადგენს, აღნიშნული დადგენილების ჩანაწერი არის თუ არა დისკრიმინაციული. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^