ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით საქართველოში სექტემბრიდან დიდი კვლევა ჩატარდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა სემინარზე - „ბავშვებსა და მოზარდებში სისხლში ტყვიის შემცველობის შეფასება“.
კვლევას გაეროს ბავშვთა ფონდი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ჩაატარებს.
ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ამ მხრივ საგანგაშო სიტუაცია არ არის, თუმცა გასაანალიზებელია არსებული სურათი და დასაგეგმია შემდგომი ნაბიჯები.
„სექტემბრიდან გაეროს ბავშვთა ფონდსა და იტალიის ჯანდაცვის ინსტიტუტთან ერთად ტარდება დიდი კვლევა ბავშვებში. ეს მოგვცემს, თუ რასთან გვაქვს საქმე ქვეყანაში. აქამდე ჩატარებული კვლევები მხოლოდ ცალკეულ ჯგუფებზე იყო, ხოლო მთლიანად ქვეყანაში რა ხდება და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაცია წლის ბოლოს, ამ კვლევის შემდეგ გვექნება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, ემორის უნივერსიტეტის პროფესორი ზიად კაზი საქართველოში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ჩაუტარებს სემინარს, რომლის შემდეგაც ქართველმა პროფესიონალებმა უნდა შეძლონ: ჩამოთვალონ ტყვიის შესაძლო წყაროები; განიხილონ ტყვიის ტოქსიკურობის მექანიზმები და სამიზნეები; აღწერონ ბავშვებში ტყვიის ტოქსიკურობის კლინიკური გამოვლინებები და განიხილონ ტყვიის მომატებული მაჩვენებლის მართვა იმ პაციენტებში, რომლებსაც კლინიკური ტყვიის ტოქსიკურობა აქვთ. ასევე, პრაქტიკული მაგალითების გამოყენებით, განიხილონ ტყვიის შემცირების სტრატეგიები.