საშემოდგომო სესიაზე თამბაქოს შესახებ კანონში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს.
კაკი ზოიძის თქმით, შესაძლოა, თამბაქოს მოწევა სამედიცინო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში, სპეციალურად მოწყობილ ადგილებში დასაშვები გახდეს.
მისივე თქმით, კანონის აღსრულებაზე საზოგადოებრივი მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც თამბაქოს მოხმარება აკრძალულია, კანონი კარგად სრულდება, თუმცა პრობლემაა უნივერსიტეტებისა და სამედიცინო დაწესებულებების ეზოები.
„პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს ძალიან დიდ კონფლიქტებთან არის დაკავშირებული და აღსრულებაც მძიმე პრობლემაა. მაგალითად, პაციენტი რეანიმაციაში რომ მიჰყავთ, ოჯახის წევრები აკრძალულ ტერიტორიაზე ეწევიან და საავადმყოფოს დაცვასა და ოჯახის წევრებს შორის ბევრი კონფლიქტი დაფიქსირდა“, – განაცხადა ზოიძემ.
კანონში ცვლილების შემთხვევაში, ამ დაწესებულებების ეზოებში ადმინისტრაციას ექნება შესაძლებლობა, განსაზღვროს სივრცე, სადაც მოწევა დასაშვები იქნება.
თამბაქოს შესახებ კანონი მიმდინარე წლის მაისში ამოქმედდა. დახურულ სივრცეში თამბაქოს მოწევა აიკრძალა.