დღეს ტაილანდელი მოზარდები, რომლებმაც მწვრთნელთან ერთად ორ კვირაზე მეტი გაატარეს მღვიმეში, საავადმყოფოდან გაწერეს.
საფეხბურთო გუნდის წევრებმა მედიასთან მღვიმეში ყოფნის რთული დღეები გაიხსენეს და იმაზეც ისაუბრეს, თუ რა შეცვალა აღნიშნულმა შემთხვევამ მათ ცხოვრებაში.
ბავშვები ჰყვებიან, რაზე ოცნებობდნენ სიბნელეში, საკვებისა და იმედის გარეშე, რომელიც თითქმის გადაწურული ჰქონდათ.
„ვნერვიულობდით, რომ მშობლებმა არ იცოდნენ, სად წამოვედით“, - როგორ მოხვდნენ მოზარდები მღვიმეში
მოზარდები და მათი მწვრთნელი მღვიმეში 9-დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. მწვრთნელი ეკაპოლ აკე ჩანთავონგი იხსენებს, როგორ აღმოჩნდა მოზარდებთან ერთად მღვიმეში გამომწყვდეული.
„ერთ-ერთი მოზარდის, ნიტეს დაბადების დღე იყო, მაგრამ მღვიმეში ამის აღნიშვნას არ ვაპირებდით. უბრალოდ, იმ დღეს ყველას მოგვინდა იქაურობის დათვალიერება. მანამდე იმ მღვიმეში არასდროს ვყოფილვართ“, - ჰყვება აკე.
მღვიმიდან გამოსვლისას დაინახეს, როგორ ივსებოდა წყლით იქაურობა და გამოქვაბულის სასწრაფოდ დატოვება გადაწყვიტეს, მაგრამ უკვე შეუძლებელი აღმოჩნდა.
„მივხვდით, რომ იქ ჩავრჩებოდით. უნდა გაგვეცურა. სიმართლე არაა, რომ ბავშვებმა ცურვა არ იციან. ფეხბურთის შემდეგ ჩვენ ცურვის გაკვეთილებიც გვაქვს. უბრალოდ, თავიდან ვერ გავიაზრეთ, ასე თუ აიწევდა წყლის დონე.
„დავიკარგეთ?“ - დაიძახა რომელიღაცამ. ბავშვებს შეეშინდათ, მე კი ვარწმუნებდი, რომ თოკების მეშვეობით მღვიმიდან გასვლას შევძლებდით“, - იხსენებს აკე.
გამოქვაბულიდან გამოსვლა უკვე ცურვითაც შეუძლებელი იყო.
ერთ-ერთი მოზარდი ჰყვება, რომ ამის მერე პირველი, რაზეც ფიქრი დაიწყო, დედამისი იყო.
„ვნერვიულობდით, რომ მშობლებმა არ იცოდნენ, სად წამოვედით“, - ჰყვებიან ბავშვები. მათ უმეტესობას მშობლებისთვის არ უთქვამს, ვარჯიშის შემდეგ კიდევ სადმე თუ აპირებდნენ წასვლას. ზოგმა კი უთხრა, თუმცა შეცდომით, სხვა მღვიმე.
ერთ-ერთი იხსენებს, რომ მღვიმეში იჯდა და ეშინოდა, მამამისი დასჯიდა.
გასასვლელის ძიება
მღვიმეში ჩარჩენას მოზარდები მარტივად არ შეგუებიან. აკე, მათი მწვრთნელი ჰყვება, როგორ ეძებდნენ ისინი მღვიმიდან დაღწევის გზებს.
„ვეუბნებოდი, ნუ გეშინიათ, ხვალ წყალი დაიწევს და თავს დავაღწევთ აქაურობას-მეთქი“, - იხსენებს აკე.
მოზარდების ნაწილი ფიქრობდა, რომ შეიძლებოდა მღვიმიდან გასასვლელი მეორე მხარეს ეძებნათ და მისი გამოკვლევა დაიწყეს. ამასობაში წყლის დონე იწევდა. აკეს თქმით, ცოტა ხანში მან დაახლოებით 3 მეტრს მიაღწია. ამის გამო ნელ-ნელა მღვიმის სიღრმეში გადაინაცვლეს.
„აღარ ვიცოდით, წვიმდა თუ არა ისევ. ეს ხმა უკვე აღარ გვესმოდა, მაგრამ წყლის დონე სულ უფრო იწევდა. ბიჭები არ დანებებულან, გამოსავლის ძიება დაიწყეს“, - იხსენებს მწვრთნელი.
თან არც საჭმელი ჰქონდათ, არც წყალი. ერთ-ერთი ჰყვება, რომ კედლებიდან წვეთები ჩამოდიოდა და მწვრთნელმა მისი შეგროვება მოახერხა, ამან ბავშვებს განწყობა გამოუკეთა.
გადარჩენის იმედი
მღვიმეში გამომწყვდეულები ბრიტანელმა მყვინთავებმა მეცხრე დღეს იპოვეს. დული კი ერთადერთი იყო, ვინც ინგლისური იცოდა.
„გამარჯობა - ვუთხარი მყვინთავს. ძალიან დავიბენი, თითქოს საოცრება მოხდა“, - ჰყვება მოზარდი. „ჩვენ კარგად ვართ, 13-ვე აქ ვართ“, - უთხრა შემდეგ დულმა ბრიტანელ მყვინთავს.
მწვრთნელმა სთხოვა დულს, მაშველებთან მათი თარჯიმანი ყოფილიყო.
მაშველების თხოვნით, დულმა გააფრთხილა გუნდი, გამოყვანამდე ფრთხილად ყოფილიყვნენ. 10-დღიანი შიმშილობის შემდეგ მათ უკვე ფხიზლად ყოფნაც უჭირდათ.
„იმ შიმშილობის დროს სულ შემწვარ ბრინჯზე ვფიქრობდი“, - იხსენებს ერთ-ერთი მოზარდი.
„მე კი საშინაო დავალებების გამო ვღელავდი“, - დასძენს მეორე.
„მღვიმის მეფე“ - მაშველებთან გატარებული წუთები
პირველი მყვინთავი, რომელმაც ბავშვებს საკვები მიუტანა, ბრიტანელი ჯეისონი იყო. მოზარდების პოვნის შემდეგ რამდენიმე მაშველი გამოქვაბულში დარჩა.
სანამ გარეთ სამაშველო გუნდი მათი გადარჩენის გზებს ეძებდა, მოზარდებმა მღვიმეში სამაგიდო თამაშების ჩემპიონატიც გამართეს. „ტურნირი“ იქ დარჩენილმა ერთ-ერთმა მაშველმა მოიგო და ბავშვებმა მას „მღვიმის მეფის“ ტიტულიც მიანიჭეს.
ერთ-ერთი მოზარდის თქმით, მაშველი მამასავით შეუყვარდა, რადგან სულ „შვილოს“ ეძახდა.
მოზარდების დახსნას უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია. სამაშველო ოპერაციისას ერთ-ერთი მყვინთავი - სამან კუნანი დაიღუპა. მოზარდებმა მისი სიკვდილი მღვიმიდან გამოსვლამდე შეიტყვეს.
„ყველა ჩვენგანი შოკში იყო, როცა მისი სიკვდილის ამბავი გავიგეთ“, - იხსენებს აკე. - „თავს დამნაშავედ ვგრძნობდით“.
ბავშვებმა კუნანის ფოტოებს მინაწერები გაუკეთეს. დაღუპულ მაშველს მათ სიცოცხლეზე ზრუნვისთვის მადლობას უხდიან. „მთელი გულით მადლობას გიხდით“, - წერია კუნანის ფოტოზე, რომელსაც მის ოჯახს გაუგზავნიან.
ბავშვები კუნანისთვის პატივის მიგებას მონასტერში გეგმავენ.
მღვიმიდან გამოყვანა
„როგორ გადაწყვიტეთ, პირველი ვინ უნდა გამოსულიყო?“ - ჰკითხეს მოზარდებს პრესკონფერენციაზე.
აკემ უპასუხა, რომ ბავშვებმა საოცარი დიდსულოვნება გამოიჩინეს. მღვიმეში 2-კვირიანი ტყვეობის მერეც გამოსვლაზე მცირე უთანხმოებაც კი არ მოსვლიათ.
„საბოლოოდ გადავწყვიტეთ, ვინც გამოქვაბულიდან ყველაზე შორს ცხოვრობდა, პირველი ის წასულიყო“, - ხუმრობს მწვრთნელი.
მოზარდების ჯანმრთელობა, ექიმის შეფასებით, თითქმის ერთნაირი იყო. ამიტომ პირველი მათგანი, უბრალოდ, მოხალისე უნდა ყოფილიყო.
მოზარდები გულითადი მეგობრები აღმოჩნდნენ და პროტესტი არავის გასჩენია. ერთადერთი პრობლემა, მაშველების თქმით, ყველაზე პატარა მოზარდისთვის მყვინთავის კოსტიუმის მოძებნა იყო.
საბოლოოდ ყველა მათგანის დახსნა მშვიდობიანად მოხერხდა.
ცხოვრება მღვიმიდან გამოხსნის შემდეგ
მოზარდები ჰყვებიან, რომ მღვიმეში ყოფნამ მათ ბევრი რამ ასწავლა. „ჩემ თავს დავპირდი, რომ ვიქნები კარგი ადამიანი, კარგი მოქალაქე“, - ამბობს ერთ-ერთი მათგანი.
მათი მწვრთნელის თქმით, მღვიმიდან გამოსვლის შემდეგ სულ ადამიანთა სიკეთეზე ფიქრობს. „მე ყველა თქვენგანის სიკეთეს ვაფასებ. ჩვენ უფრო მეტად უნდა ვიფრთხილოთ, სანამ რამის გაკეთებას გადავწყვეტთ“, - ამბობს აკე.
ადულის, ერთ-ერთი მოზარდის თქმით, ამ უჩვეულო გამოცდილებამ ცხოვრებაზე დააფიქრა. „ამიერიდან ჩემს სიცოცხლეს უფრო გავუფრთხილდები“, - ჰყვება მოზარდი.
როგორც აღმოჩნდა, მღვიმემ ზოგიერთის სამომავლო პროფესიაც განსაზღვრა. ბიუს თქმით, ის შესაძლოა ,საზღვაო ქვეითიც გახდეს. მას კიდევ ოთხი მოზარდი დაეთანხმა, რასაც დარბაზში ოვაციები მოჰყვა.
თუმცა ახლა, რაზეც ბავშვები ფიქრობენ, მხოლოდ საყვარელი კერძები, საკუთარი ოთახი და ოჯახია.