
თუკი, "საქნახშირი" თვლის, რომ მისი საქმიანობა წამგებიანია და ეს ბიზნესი სოციალური პროექტია, სახელმწიფო ვერ აიძულებს, საქმიანობის გაგრძელებას, თუმცა, იქამდე მას გარკვეული ვალდებულებები აქვს შესასრულებელი - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი "საქნახშირის" განცხადებას, რომ ის მზადაა, ტყიბულის შახტები სახელმწიფოს აჩუქოს. პრემიერის მრჩეველმა ეს განცხადება "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" გადაცემაში გააკეთა.
"შახტების სახელმწიფოსთვის გადაცემა ასე, ერთი განცხადებით ვერ მოხდება. კომპანიას სახელმწიფოსთან გარკვეული ვალდებულებები აქვს შესასრულებელი. თუმცა, თუ "საქნახშირი" თვლის, რომ მას მოგება არ აქვს, სახელმწიფო ვერ აიძულებს, გააგრძელოს ფუნქციონირება.
უბრალოდ, მგონია, რომ ეს განცხადება ემსახურებოდა იმას, რომ კომპანიამ აჩვენოს, რა მძიმე დღეში არიან. სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში, ვფიქრობ, იქ შეიძლება უსაფრთხოების დაცვაც და პროცესების ისე წარმართვაც, რომ კომპანია მომგებიანი იყოს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
განცხადება კომპანიამ 16 ივლისს გააკეთა. საქნახშირის ადმინისტრაცია სახელმწიფოს ტყიბულის შახტების გადაცემას სთავაზობს.
ამ დღეს მინდელის შახტში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა ექვსი, რომელიც დღემდე მკურნალობს.