
„ზოგადად, ჩვენს პოლიტიკურ გუნდში განსხვავებული აზრები ჩვეულებრივი ამბავია და ამით განვსხვავდებით წინა ხელისუფლებისგან, თუმცა ამას საზღვრები აქვს და როცა ამ საზღვრებს არღვევს ადამიანი არაერთხელ და დაჟინებით, მისი გარიცხვა ფორმალური ჟესტია." - ასე შეაფასა სოზარ სუბარმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დავით ჭიჭინაძის „ქართული ოცნების" პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება, რომელიც პარტიის სამდივნომ გუშინ გამოაქვეყნა პარტიის ოფიციალურ გვერდზე.
„ის უკვე თვითონ არის გუნდის გარეთ და გარიცხვა არის დადასტურება იმ ფაქტის, რაც გააკეთა. მან არაერთხელ თქვა, რომ ქვეყანაში კრიზისია, რომ პარლამენტი უნდა გადადგეს და თვითდათხოვნა გამოაცხადოს. ნამდვილად არაა ის მდგომარეობა, რომელიც ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს, მაგრამ თუ ბატონ ჭიჭინაძეს აქვს ასეთი განცდა, ის მაჟორიტარია და შეუძლია, გააკეთოს თვითდათხოვნა პიროვნულად. ოქტომბერში არის არჩევნები. შეუძლია, ისევ იყაროს ისნის მაჟორიტარულ ოლქში კენჭი და ნახოს, ვინ არის გარციხული საზოგადოებიდან. ეს იქნებოდა სწორი სვლა. ის მოიყვანა „ქართულმა ოცნებამ". თუ თვლის, რომ მას აქვს მაღალი მხარდაჭერა და გამარჯვების შანსი, მაშინ ზუსტად ორ თვეში შეუძლია, ეს დაამტკიცოს თავიდან." - განაცხადა სოზარ სუბარმა ტელეკომპანიის ეთერში.