დღეს ტყიბულში მეშახტეების აქციაა დაანონსებული. მუშები მოითხოვენ, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე, შახტების დახურვისა და ამ პერიოდის განმავლობაში მუშებისთვის ხელფასის ანაზღაურების შესახებ, სპეციალური განკარგულება გამოიცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეშახტეებს არ აქვთ გარანტია, რომ ხელფასს გადაუხდიან.
„ლიბერალი" დაუკავშირდა პრემიერის აპარატს, სადაც გვითხრეს, რომ მამუკა ბახტაძე ამ დროისთვის ბრიუსელში იმყოფება და მის გარეშე ეს საკითხი ვერ გადაწყდება.
აღნიშნულის შესახებ მამუკა ბახტაძემ 16 ივლისს განაცხადა, მინდელის შახტში მომხდარი აფეთქების შემდეგ, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 6 კი მძიმედ დაშავდა. პრემიერმა თქვა, რომ შახტები მანამდე უნდა დაიხუროს, სანამ გამოძიება არ დასრულდება და საერთაშორისო ექსპერტები არ დაადგენენ, შეიძლება თუ არა მოპოვებითი სამუშაოების გაგრძელება. ამ დროის განმავლობაში კი მეშახტეებს ხელფასები აუნაზღაურდებათ. განცხადებას საფუძვლად არანაირი დოკუმენტი არ უდევს. შესაბამისად, მეშახტეები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა, მათ კომპენსაციები არ გადაუხადონ. ერთადერთი განკარგულება, რომელიც პრემიერმა ტყიბულის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოსცა,16 ივლისის გლოვის დღედ გამოცხადებას ეხება.
პრემიერის აპარატის ინფორმაციით, კომპენსაციის საკითხზე - ვინ გადაუხდის მეშახტეებს, კომპანია თუ სახელმწიფო და რამდენ ხანს გასტანს ეს, ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანია „საქნახშირს" აქვთ მოლაპარაკებები. „საქნახშირი" ამაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. „ლიბერალი" ელოდება პასუხს ეკონომიკის სამინისტროდან და მოგვიანებით შემოგთავაზებთ.