საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება.
გიორგი მარგველაშვილი განცხადებაში აღნიშნავს, რომ პოზიტიური დღის წესრიგისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა იყოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულება და ლტოლვილთა და დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში.
„საქართველო კვლავაც მიისწრაფის დავების მშვიდობიანი მოწესრიგებისაკენ. ჩვენი არაერთი შეთავაზებაც რუსეთის ფედერაციისადმი მიზნად ისახავს არსებული კონფრონტაციული პარადიგმის შეცვლას თანამშრომლობის სივრცით. მაგრამ ნდობის აღდგენა შეუძლებელია მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევითა და სუვერენიტეტის შელახვით.
რაც შეეხება ნატოს, საქართველოსა და ალიანსის თანამშრომლობა ემსახურება უსაფრთხოებას რეგიონში და ხელს უწყობს სტაბილურობას თავად რუსეთის ფედერაციის სამხრეთ საზღვრებთან,“ - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იმ პოლიტიკოსებს, ვინც საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ჩართვას ცდილობენ, მოუწოდა, ამ გადაწყვეტილების შედეგებზე დაფიქრდნენ.