„ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მეთაურის, აბუ ომარ ალ-შიშანის (თარხან ბათირაშვილის) ცოლი, სედა დუდურკაევა დააკავეს. თურქული გამოცემის Daily Sabah-ის ინფორმაციით, დუდურკაევა სტამბოლში 4 ივლისს აიყვანეს, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი კიდევ ოთხი პირი კი მოგვიანებით დააკავეს.
სედა დუდურკაევა ჩეჩნეთის ერთ-ერთი ყოფილი მინისტრის, ასუ დუდურკაევის შვილია. მას ალ-შიშანთან ორი ვაჟი ჰყავს. თარხან ბათირაშვილი, გავრცელებული ინფორმაციით, 2016 წელს ერაყში დაიღუპა. თურქული გამოცემის მიხედვით, როგორც თარხან ბათირაშვილს, ისე სედა დუდურკაევას ქართული წარმომავლობა აქვთ.
ასუ დუდურკაევი თანამდებობიდან რამზან კადიროვმა მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც მისი ქალიშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებს შეუერთდა. სედა დუდურკაევას სირიაში წასვლას მაშინ ჩეჩნეთში სკანდალი მოჰყვა.
თავდაპირველად სედა სირიაში სხვა ჩეჩენ მებრძოლთან ჰამზატ ბორჩაშვილთან ჩავიდა, რომელიც ინტერნეტით გაიცნო. ჰამზატ ბორჩაშვილი თარხან ბათირაშვილის თანაშემწე იყო.
სედა დუდურკაევამ სირიაში ბორჩაშვილზე იქორწინა კიდეც. მოგვიანებით ბორჩაშვილის მანქანას თავს დაესხნენ და მოკლეს, მკვლელობის შემდეგ კი სედას ალ-შიშანიზე ქორწინება აიძულეს.