
პარტია „ევროპულმა საქართველომ“ პრეზიდენტობის კანდიდატად დავით ბაქრაძე დაასახელა.
როგორც ბაქრაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოს სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც მშვიდობიანად, გააზრებულად, ერთიანად წაიყვანს წინ მთელ ქვეყანას. მისი თქმით, ქვეყანას იმედი და იმის რწმენა უნდა დაუბრუნდეს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ბაქრაძე ამბობს, რომ მისი მიზანი არა კონკრეტული ადამიანების, არამედ უიმედობისა და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაა.
„ჩემი ამოცანა არ იქნება კონკრეტული ადამიანების, მეტიც - კონკრეტული პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ ბრძოლა. ჩემი მთავარი ამოცანა იქნება დავამარცხოთ უიმედობა, სიღარიბე, გაჭირვება. ჩვენი წინაპრები ყოველთვის იბრძოდნენ უკეთესი მომავლისთვის. ამიტომ არ მოხდება ისე, რომ ჩვენმა თაობამ, ჩვენმა გუნდმა ხელები ჩამოვუშვათ, შევწყვიტოთ ბრძოლა და საქართველოს უკეთესი მომავლის იმედი გავაყოლოთ იმ ერთ უნიათო გუნდს, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას“,- განაცხადა ბაქრაძემ.
როგორც ქუთაისში, სპორტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე პარტიის გენერალურმა მდივნმა, გიგი უგულავამ განაცხადა, ქვეყანას ყველაზე მეტად გამაერთიანებელი პრეზიდენტი სჭირდება, რომელიც იმ პრობლემებს მოაგვარებს, რომელიც საზოგადოებას აქვს.