„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)” და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 12 მაისს თბილისის ღამის კლუბებში მასშტაბურ საპოლიციო ოპერაციაზე ერთობლივი ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს.
„არც ერთი ვერსია, რომელზეც შსს საუბრობდა სპეცოპერაციის გამართვასთან დაკავშირებით, არ არის მყარი და ოპერაცია გათვლილი იყო სახელმწიფოს რეპრესიული აპარატისა და ძალის დემონსტრირებაზე“, - განაცხადა კვლევის შედეგებზე საუბრისას EMC-ის იურისტმა, სოფო ვერძეულმა.
მისივე თქმით, კვლევის ამ შედეგს კიდევ უფრო ამყარებს ის კონტექსტი, რა პროცესში დაიგეგმა და მოეწყო ეს სპეცოპერაცია:
„ჩვენ კარგად გვახსოვს კლუბების ჩხრეკამდე ზედოზირებით გარადაცვალების შემთხვევები, რაც სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს შორის ურთიერთბრალდებების საკითხი გახდა და დაიწყო თავდასხმები ნარკოპოლიტიკის მხარდამჭერი ჯგუფების მისამართით, მათ შორის კლუბ „ბასიანისა“ და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“, რამაც ერთგვარად საფუძველი შეუქმნა ამ მასშტაბის საპოლიციო ოპერაციას. სამართლებრივი თვალსაზრისით, კვლევამ ვერ აჩვენა, რომ ამ საპოლიციო ოპერაციას ჰქონდა რაიმე კონკრეტული სამართლებრივი მიზანი, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა ტიპის დაკავება მოხდა კლუბების ტერიტორიის გარეთ და არც ერთი პირი არ დაუკავებიათ კლუბში“,- განაცხადა სოფო ვერძეულმა.
ორგანიზაციები რეკომენდაციით მიმართავენ მთავარ პროკურატურას, რომ პოლიციის მხრიდან გადაცდომებისა და ძალის გადამეტების ინციდენტებზე, რაც იურისტის შეფასებით, აღინიშნა როგორც კლუბის გარეთ, ასევე შიგნით, დაიწყოს გამოძიება. გარდა ამისა, მათი რეკომენდაციით, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ უნდა მოიკვლიოს „ბასიანის გარეთ სპონტანური აქციის დაშლის საკითხი“.
ანგარიშის ავტორებმა 12 მაისის საპოლიციო ოპერაციასთან დაკავშირებით შემდეგი ძირითადი ხარვეზები გამოკვეთეს:
- ღამის კლუბებში ჩხრეკის ნებართვა 2018 წლის 10 მაისს გასცა თბილისის საქალაქო სასამართლომ. სასამართლოს გაცემულ განჩინებაში არ არის მითითებული, კონკრეტულად რა ნივთის/ობიექტის აღმოსაჩენად და ამოსაღებად მიენიჭა პოლიციას კლუბებში შესვლის უფლება, რაც განჩინების ერთ-ერთი აუცილებელი რეკვიზიტია;
- ბუნდოვანია, რა იყო 12 მაისს, ღამის საათებში, კლუბებში პოლიციის შესვლის მიზანი, მაშინ როდესაც 8 პირი, ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღების ბრალდებით, პოლიციას კლუბებში შესვლამდე უკვე დაკავებული ჰყავდა;
- თუკი პოლიციას კლუბების ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის მიზანი ამოძრავებდა, მაშინ გაუგებარი რჩება, რატომ არ ჩაატარა პოლიციამ ჩხრეკა ისეთ დროს, როცა კლუბებში კონკრეტული ღონისძიებები არ იქნებოდა, მით უმეტეს რომ პოლიციამ ჩხრეკის ნებართვა სასამართლოსგან 10 მაისს მიიღო;
- 12 მაისს, ორივე კლუბში ჩხრეკა მოეწყო ღამის საათებში. კანონმდებლობა ღამის საათებში ჩხრეკას მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა, ჩხრეკის ოქმში გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ აღნიშნული არ არის;
- პრობლემურია ჩხრეკის პროცესში სპეცრაზმის გამოყენების საკითხი. 12 მაისის საპოლიციო ღონისძიებაში სპეცრაზმის ჩართვა ძალის დემონსტრირებად და არაპროპორციულ ღონისძიებად შეიძლება შეფასდეს იმ პირობებში, როცა კლუბის შიგნით შეიარაღებული პირის, ან პოტენციური წინააღმდემგობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობდა;
- მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კლუბის ტერიტორიაზე სტუმრების პირადი ჩხრეკა არ ჩატარებულა, კლუბ „ბასიანზე“ მყოფი რამდენიმე პირის ახსნა-განმარტება მიუთითებს, რომ პოლიციამ 3 პირი ადგილზე გაჩხრიკა, თუმცა აღნიშნული მოქმედება არც ერთ სამართლებრივ დოკუმენტში არ არის აღწერილი;
- კლუბ „ბასიანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სპონტანური შეკრების მონაწილეების მიმართ პოლიცია გამოირჩეოდა აგრესიით. ადგილზე მობილიზებულმა დიდი რაოდენობით სამართალდამცავებმა კლუბის გარეთ მყოფ პირებს არ მისცეს მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა;
- კლუბ „ბასიანის“ მიმდინარე აქციისას სამართალდამცავებმა 40-ზე მეტი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მათ შორის, აქციის პოტენციური ლიდერები და ორგანიზატორები. პოლიციის მხრიდან მასობრივი დაკავებების გამოყენება თვითნებობის და საპროტესტო მუხტის განეიტრალების შთაბეჭდილებას ტოვებდა;
- დაკავებულთა ნაწილი პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე მიუთითებდა. ადმინისტრაციული დაკავების ოქმები 5 პირის ფიზიკურ დაზიანებებზე მიუთითებს. განსაკუთრებით მძიმეა ერთ-ერთი დაკავებულის საკითხი, რომლის სამედიცინო დოკუმენტაციაშიც მარცხენა ბეჭის ძვლის მოტეხილობა ფიქსირდება;
- სასამართლოს მიერ 4 პირის საქმეზე გამოტანილი დადგენილებები შაბლონურია და ეფუძნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ წარმოდგენილ ადმინისტრაციულ დაკავებისა და სამართალდარღვევის ოქმებში ასახულ ინფორმაციას;
გარდა ზემოთ აღნიშნული რეკომენდაციებისა, ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ უნდა გაასაჯაროონ ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შედეგები და დამატებითი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას 12 მაისს ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგებთან დაკავშირებით; გარდა ამისა, მათივე შეფასებით, ნარკოპოლიტიკის თემით პოლიტიკური მანიპულაციების დასრულების მიზნით, პარლამენტმა უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება რეფორმის დაჩქარებულად და მოკლე ვადებში გატარებასთან დაკავშირებით და მხარი დაუჭიროს რეფორმის კანონპროექტს, რომელიც პარლამენტში უკვე ერთი წელია, ინიცირებულია.
ვრცლად ანგარიში იხილეთ ბმულზე.