„მოკვლევის შედეგად იკვეთება, რომ 8 წლის განმავლობაში ოჯახში მცხოვრებ პირთა, განსაკუთრებით კი არასრულწლოვანთა დაცვა ძალადობისა და იძულებისგან ვერ განხორციელდა.” - ეს არის ამონარიდი დოკუმენტიდან, რომელიც სახალხო დამცველმა ლენტეხში დევნოზაშვილების ოჯახში მცხოვრები 8 შვილის (4 სრულწლოვანია) მდგომარეობის შესახებ მოამზადა.
დასკვნა, რეკომენდაციებთან ერთად, მიმდინარე წლის ივნისში რამდენიმე უწყებას გაეგზავნა. (სოციალური მომსახურების სააგენტოს და შს სამინისტროს. )
სახალხო დამცველის დასკვნის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფო უწყებებისთვის ცნობილია ოჯახში ბავშვების მიმართ ძალადობის ფაქტების შესახებ „ამ დრომდე ვერ განხორციელდა არასრულწლოვანთა განცალკევება შექმნილი ძალადობრივი გარემოსგან.“
სახალხო დამცველის დასკვნის მიხედვით, ამ დრომდე ბავშვები რჩებიან ძალადობრივ გარემოში, რაც საფრთხეს უქმნის მათ განვითარებას და რისკის ქვეშ აყენებს ბავშვების უსაფრთხოებას.
„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ 8 წლის განმავლობაში ამოიწურა ოჯახთან, განსაკუთრებულად კი ბავშვების მამასთან მუშაობის ყველა ნაკლებად უკიდურესი რესურსი, რაც შესაძლებელს გახდიდა, ბავშვებს გაეგრძელებინათ ცხოვრება მამასთან ერთად არაძალადობრივ გარემოში. განხორციელებული მუშაობის შედეგად სახეზეა, რომ თითქმის არც ერთმა გამოყენებულმა საშუალებამ არ გამოიღო დადებითი შედეგი არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის კუთხით და ამ დრომდე ისინი იმყოფებიან მათთვის საფრთხის შემცველ და ძალადობრივ გარემოში.“ - წერია სახალხო დასკვნაში.
რეკომენდაციები უწყებებს:
- გატარდეს ყველა საჭირო ზომა ოჯახში მცხოვრები არასრულწლოვნების უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიზნით. კერძოდ, არასრულწლოვანთათვის დროულად იქნას უზრუნველყოფილი არაძალადობრივი და უსაფრთხო გარემო, სადაც დაცული იქნება მათი უფლებები და ინტერესები, მათ შორის განსაკუთრებით არასრულწლოვანთა განათლების პროცესში ჩართულობა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა
- აღნიშნულ შემთხვევაზე მიმდინარე გამოძიების პროცესი, პასუხისმგებელი უწყებების თანამშრომლობითა და კოორდინაციით წარიმართოს ეფექტიანად, იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იქნას განმეორებითი ძალადობის პრევენცია და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიეცეს შესაძლებლობა, ეფექტიანი ზედამხედველობა განახორციელოს არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის პროცესზე.
„3 თვის განმავლობაში ფსიქოლოგმა მხოლოდ 3 ვიზიტი განახორციელა ოჯახში.“
8 წელზე მეტია დევნოზაშვილების ოჯახში მცხოვრებ ბავშვებს განათლების უფლება და თანატოლებთან ურთიერთობის შესაძლებლობა შეზღუდული აქვთ. ისინი მშობლების გარეშე სახლის გარეთ მარტო ვერ გადაადგილდებიან და ეს ყველაფერი მშობლების შეხედულებების გამო ხდება.
დევნოზაშვილების საქმე სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრი 2018 წლის 29 იანვრიდან სწავლობს.
სახალხო დამცველის ხელთ არსებული ინფორმაციით, ლენტეხიის სოციალური მომსახურების სააგენტო ამ ოჯახთან 2010 წლიდან მუშაობს.
„ბავშვებს არ უვლიათ სკოლაში და არ ყოფილან ჩართულნი სავალდებულო ზოგადი განათლების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მუშაკის მხრიდან მათ არაერთხელ განემარტათ მათი ვალდებულებები, ბავშვის უფლებები და ასევე, მიეწოდათ ინფორმაცია ფსიქოლოგის მომსახურებისა თუ სხვა არსებული სერვისების შესახებ, მდგომარეობა 8 წლის განმავლობაში არ შეცვლილა.“ - წერია ომბუდსმენის დასკვნაში.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2011 წელს ლენტეხის სასამართლომ მშობლებს შეუზღუდა წარმომადგენლობით უფლებამოსილება, თუმცა მშობლების წინააღდეგობის გამო ბავშვებისთვის ზრუნვის ალტერნატიული ფორმის განსაზღვრა ვერ მოხერხდა.
სახალხო დამცველის ცნობით, 2018 წლის 9 თებერვალს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლენტეხის რაიონული განყოფილების ინიციატივით გაიმართა კონფერენცია, სადაც სწორედ აღნიშნულ შემთხვევაზე იმსჯელეს.
კონფერენციაზე დაიგეგმა, რომ მამა ა.დევნოზაშვილს მშობლის უფლება შეეზღუდებოდა, „ხოლო დედასთან და ბავშვებთან განხორციელდეს ფსიქოლოგების აქტიური მუშაობა.“
სოციალური მომსახურების სააგენტოს ლენტეხის რაიონულ განყოფილებას 2018 წლის აპრილში დევნოზაშვილისთვის მშობლის უფლების შეზღუდვის კუთხით მუშაობა შეაჩერა.
„ამავდროულად, სოციალური მუშაკის შეფასებით, ოჯახში არსებული მდგომარეობა უცვლელია. მიუხედავად იმისა, რომ აუცილებელია, ოჯახთან აქტიურად მუშაობდეს ფსიქოლოგი, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 3 თვის განმავლობაში, 9 მარტამდე სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგმა მხოლოდ 3 ვიზიტი განახორციელა. ა.დ. ასევე წინააღმდეგია სრულწლოვანი შვილების დასაქმებაზეც, სანამ არ მოხდება მისი დასაქმება.“ - წერია ომბუდსმენის დასკვნაში.
ასევე, შს სამინისტროს ლენტეხის სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება ალექსანდრე დევნოზაშვილის მიერ ოჯახის წევრების მიმართ იძულების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-150 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
რას ამბობს სოციალური მომსახურების სააგენტო
„ლიბერალი“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ რატომ შეაჩერა ლენტეხში სოც სააგენტომ ა. დევნოზაშვილისთვის მშობლის უფლების შეზღუდვის კუთხით მიმდინარე სამუშაო, ასევე, როგორ პასუხობენ ომბუდსმენის რეკომენდაციებს და რას გეგმავს უწყება დევნოზაშვილების 8 შვილთან დაკავშირებით.
ამ კითხვებზე სოციალური სააგენტოდან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ.
„ამ ეტაპზე ვმოქმედებთ სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან შეთანხმებით. საჭიროების მიხედვით მიმდინარეობს მუშაობა ოჯახთან, ასევე ხორციელდება სოციალური მუშაკის ვიზიტი და ფსიქოლოგის ჩართულობა. მოცემულ ვითარებაში დეტალებზე საუბრისაგან თავს ვიკავებთ ბავშვის და ოჯახის ინტერესების დაცვის მიზნით, დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით ეცნობება საზოგადოებას, სიტუაციიდან გამომდინარე." - მოგვწერეს სააგენტოდან.