თამაზ ახობაძემ იუსტიციის სამინისტროს დავა უზენაეს სასამართლოშიც მოუგო. ახობაძის თქმით, უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ახობაძე უნდა აღადგინონ იმ თანამდებობაზე, რომლიდანაც გაათავისუფლეს და განაცდური აუნაზღაურონ.
ახობაძის თქმით, სააპელაციოს გადაწყვეტილების შემდეგ იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, რომ ახობაძის აღდგენა უწინდელ პოზიციაზე შეუძლებელია, რადგან ის უკვე სხვა პირს აქვს დაკავებული.
ასევე, ახობაძის თქმით, ამავე მიზეზით აღსრულების ბიურომ მისთვის განაცდურის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილება სისრულეში ვერ მოიყვანა.
„უზენაესმა თქვა, რომ აღდგენა და განაცდურზე გადაწყვეტილება ძალაში უნდა დარჩეს. ეს ნიშნავს, რომ უნდა აღმადგინონ და განაცდური გადამიხადონ..." - ამბობს თამაზ ახობაძე.
იუსტიციის სამინისტრომ დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან თამაზ ახობაძესთან ერთად 2013 წელს ანა სუბელიანიც გაათავისუფლა. ორივეს შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სამინისტროს მათი თანამდებობაზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაავალა, ამ გადაწყვეტილებას იუსტიცია არ ასრულებს, რის გამოც ეს პირები ცენტრს პროკურატურაში უჩივიან.
"ლიბერალი" კომენტარის მისაღებად იუსტიციის სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს.