Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა - რა მდგომარეობაა საბერძნეთში

24 ივლისი, 2018 16:52

საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა. ცეცხლი, რომელიც ათენთან ახლოს, ატიკის რეგიონში მძვინვარებს, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საბერძნეთის ყველაზე დიდი ხანძარია.

ზღვისპირა სოფელ მატიში მაშველებმა 26 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათ შორის იყვნენ ბავშვებიც. შენობაში გამომწყვდეულთა ნაწილი, როგორც ჩანს, სიკვდილს ერთმანეთთან ჩახუტებული შეხვდა.

ხანძარს ასობით მეხანძრე ებრძვის, თუმცა საბერძნეთის ხელისუფლების თქმით, მისი ჩაქრობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რის გაკეთებაც ადამიანებს შეუძლიათ“, - თქვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა და საერთაშორისო თანამეგობრობას დახმარებისკენ მოუწოდა.

განადგურებული სოფელი მატი

კურორტი მატი ხანძარმა თითქმის სულ გაანადგურა. ერთ-ერთი თვითმხილველი აღწერს ნახანძრალ სოფელს. „ეს იყო ჯოჯოხეთი. ყველაზე საშინელი სცენა, რაც კი ცხოვრებაში მინახავს“, - ჰყვება კოსტას კოუკუმაკასი. მან გაიარა ასობით ალმოდებულ მანქანასა და სახლს შორის. პოლიციის თქმით, ერთ-ერთი ეზო ცხედრებით იყო სავსე. 

ხანძარი სწორედ მატიდან დაიწყო, რომელიც ათენიდან 40 კილომეტრშია. სასოწარკვეთილი ხალხი ზღვაში ხტებოდა, რომ როგორმე ხანძრისგან თავი დაეღწია. სამწუხაროდ, ზოგიერთმა მათგანმა გაქცევა ვერ შეძლო.

26 გვამის პოვნის შემდეგ, წითელი ჯვრის ხელმძღვანელმა საბერძნეთში, ნიკოს ეკონომოპულოსმა თქვა, რომ ისინი გაქცევას ცდილობდნენ, მაგრამ ხანძარს ვეღარ გაექცნენ.

„ეს ხალხი ბავშვებთან ერთად გაქცევას ცდილობდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოასწრეს. მერე ინსტინქტურად, როცა სიკვდილის მოახლოება იგრძნეს, ერთმანეთს ჩაეხუტნენ“, - ნიკოსის თქმით, ცხედრები ასეთ მდგომარეობაში იპოვეს.

ასობით ადამიანი, ვინც ხანძარს ზღვაში გადახტომით დააღწია თავი, მაშველებმა გადაარჩინეს. „საბედნიეროდ ზღვა აქვე იყო და ერთადერთი გზაც გადარჩენისკენ ეს იყო. ცეცხლის ალი გაქცევისას სულ თან გვდევდა, თავი ძლივს დავაღწიეთ. ბევრს ზურგი დაეწვა“, - იხსენებს ერთ-ერთი გადარჩენილი კოსტას ლაგანოსი.

„ჩვენ ამ მშვენიერ ადგილას თითქოს ბიბლიური კატასტროფის მომსწრენი გავხდით“, - ამბობს გეორგ ვოკასი, რომლის ოჯახმაც ხანძარს თავი დააღწია, თუმცა მთელი ქონება დაკარგა.

რა ნაბიჯები გადადგა მთავრობამ

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ატიკის რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მთავრობა ევროპის ქვეყნებს ვერტმფრენებისა და სამაშველო ჯგუფების გამოყოფას სთხოვს, რათა როგორმე ცეცხლის ლოკალიზება შეძლოს.

იტალიამ, გერმანიამ, პოლონეთმა და საფრანგეთმა საბერძნეთში დასახმარებლად უკვე გაგზავნეს თვითმფრინავები, სახანძრო მანქანები და სამაშველო ჯგუფები. ბერძნებს დახმარება შესთავაზა ესპანეთმა და კვიპროსმაც. მაგრამ საშინელი სიცხეების გამო ხანძართან ბრძოლა რთულია.

ამავდროულად დახმარება სჭირდება შვედეთსაც, სადაც ტყეები იწვის.

2007 წლის შემდეგ ეს არის ყველაზე დიდი ხანძარი საბერძნეთში, მაშინ სამხრეთ პელოპონესში ათობით ადამიანი დაიღუპა.

რამ გამოიწვია ხანძარი?

ატიკაში მშრალი და ცხელი დღეების გამო ხანძარი, როგორც წესი, მარტივად ჩნდება ხოლმე. წელს ცეცხლის გავრცელებას ხელი ძლიერმა ქარმაც შეუწყო.

თუმცა, სააგენტო „ფრანს პრესთან“ საბერძნეთის ოფიციალური პირები ცეცხლის ხელოვნურად გაჩენასაც არ გამორიცხავენ. ხანძარი ათენის გარშემო სამ სხვადასხვა დასახლებაში, დაახლოებით, 15 ადგილას ერთდროულად გაჩნდა.

მთავრობის წარმომადგენლის, დიმიტრი ცანაკოპულოსის თქმით, შესაძლოა მძარცველებმა ცარიელი სახლების დაწვა სცადეს, მაგრამ ცეცხლი სულ მალე დაუმორჩილებელი გახდა. საბერძნეთმა აშშ-ს დრონები სთხოვა, იმაში გასარკვევად, ხელოვნურად იყო თუ არა გაჩენილი ხანძარი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^