პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის თქმით, მას სურს, რომ სახელისუფლებო გუნდმა საპრეზიდენტო კანდიდატი არ დაასახელოს. „ჩემი პოზიციაა, რომ არ დავასახელოთ პრეზიდენტობის კანდიდატი", - ამბობს ივანიშვილი.
როგორც მან „პირველი არხის" ეთერში აღნიშნა, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის უკეთესი იქნება თუკი „ქართულ ოცნებას" პრეზიდენტობის კანდიდატი არ ეყოლება, თუმცა გუნდში ბევრი არ იზიარებს მის პოზიციას. ივანიშვილი ამბობს, რომ იგი გუნდს ღირსეული დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერას სთავაზობს, მაგრამ თუკი ასეთი კანდიდატი არ იქნება, მას სურს, რომ ამ ინსტიტუტისთვის მხოლოდ ოპოზიციამ იბრძოლოს.
„დღეს გამგებლიდან დაწყებული, პრემიერამდე მთელი ხელისუფლება ეკუთვნის „ქართულ ოცნებას“. პარლამენტში ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ესეც ცოტა ველურად ჟღერს ევროპაში. ევროპას მოსწონს მრავალპარტიულობა. სამწუხაროდ, როგორც ეკონომიკაა ღარიბი, ისე ღარიბია ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტი. ნურავის ექნება ილუზია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მართოს და ასე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი. რა თქმა უნდა, ისევე როგორც ეკონომიკას, ამ პროცესსაც სჭირდება განვითარება და ხელშეწყობა. ამ ფონზე ქვეყნისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი კანდიდატი არ დაასახელოს“,- განაცხადა ივანიშვილმა.
როგორც ყოფილი პრემიერი ამბობს, „ქართული ოცნებაში“ პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატზეა საუბარი, მათ შორის, თავად ბიძინა ივანიშვილზე, აგრეთვე სოზარ სუბარზე, ზურაბ აბაშიძეზე, დავით სერგეენკოზე, თეა წულუკიანზე.