ტაილანდელი ბავშვები და მათი მწვრთნელი, რომლებმაც მღვიმეში ორი კვირა გაატარეს, რამდენიმე დღით ბუდისტურ ტაძარში იცხოვრებენ. ეს მათთვის ერთგვარი გამწმენდი რიტუალი და ამავდროულად პირობის შესრულებაა, რომელიც დაღუპული მყვინთავის ოჯახს მისცეს.
ბავშვებმა და მათმა მწვრთნელმა ცერემონიაზე თავები გადაიპარსეს, რის შემდეგაც ისინი ბუდისტურ ეკლესიაში მორჩილებად იწოდებიან. ამ რიტუალის არ შეერთებია მხოლოდ ერთი მოზარდი, რომელიც ქრისტიანია.
ბავშვები მწვრთნელთან ერთად ტაძარში 9 დღეს დარჩებიან. ეს ტაილანდელი მამაკაცებისთვის ერთგვარი ტრადიციაა იმ შემთხვევაში, თუ ისინი მძიმე დღეებს გამოივლიან, მოზარდებმა კი მღვიმეში რთულ პირობებში ორი კვირა დაჰყვეს.
„მათ ეს დრო ტაძარში უნდა გაატარონ. ეს მათ დაიცავს“, - უთხრა BBC-ს სივად სომპიანგაიმ, ერთ-ერთი მოზარდის პაპამ და დასძინა - „რადგან ისინი თითქოს დაიღუპნენ, მერე კი ხელახლა დაიბადნენ“.
ტაილანდში, თამ ლუანგის მღვიმეში 12-მა ბავშვმა და მათმა მწვრთნელმა 2 კვირაზე მეტი გაატარეს. ისინი მღვიმის დასათვალიერებლად 23 ივნისს შევიდნენ, მაგრამ ძლიერმა წვიმამ გამოსასვლელი ჩაკეტა და მოზარდები გამოქვაბულში ჩარჩნენ.
მოზარდების გამოყვანა მხოლოდ 17 დღის შემდეგ მოხერხდა. უშუალოდ გამოყვანის ოპერაცია სამ დღეს გაგრძელდა, რადგან მღვიმიდან მოზარდების დახსნა ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული.
მღვიმეში დაიღუპა ერთ-ერთი მაშველი, რომელიც საზღვაო ფლოტის ყოფილი წევრი იყო.
ბავშვების ასაკი 11-დან 16 წლამდეა, მწვრთნელი კი 25 წლისაა. ისინი ბრიტანელმა მყვინთავებმა მღვიმეში, 4 კილომეტრის სიღრმეში 9-დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.