სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის ძმა, თამაზ ბათირაშვილი დაიღუპა.
პანკისის სათემო რადიოს (radioway.ge) ინფორმაციით, თამაზ ბათირაშვილი 24 ივლისს შეტაკებისას მოკლეს. სიკვდილს გადაურჩნენ მისი ოჯახის წევრები.
თამაზ ბათირაშვილი სირიაში 2013 წელს წავიდა. მანამდე სოფელ ბირკიანში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. მოგვიანებით პანკისიდან სირიაში მეუღლე და 4 არასრულწლოვანი შვილიც წაიყვანა. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, დღეს პანკისში თამაზ და თარხან ბათირაშვილების ძმა და მამა თენგიზ და თემურ ბათირაშვილები ცხოვრობენ.
2016 წელს სირიაში დაიღუპა თამაზის ძმაც თარხან ბათირაშვილიც - აბუ ომარ ალ შიშანად წოდებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი.
პანკისის სათემო რადიოს მონაცემებით, სირიაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 27 პანკისელი ემსხვერპლა.