Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ჩემი მიზანია, შევაჩერო ავღანეთში დეპორტაცია“ - ელინ ერსონი თავისი პროტესტის შესახებ

25 ივლისი, 2018 18:46

შვედმა სტუდენტმა ავღანელი თავშესაფრის მაძიებლის დეპორტაციას ხელი შეუშალა. ელინ ერსონმა უარი განაცხადა თვითმფრინავში დაჯდომაზე, სანამ ავღანელი მამაკაცის დეპორტაცია არ შეჩერდებოდა. ელინმა თან Facebook Live ჩართო და საზოგადოებას თავის პროტესტზე მოუთხრო. სანამ ერსონი არ დაჯდებოდა, თვითმფრინავს აფრენის უფლება არ ჰქონდა. საბოლოოდ, ახალგაზრდა ქალის პროტესტმა შედეგი გამოიღო, დეპორტაცია შეწყდა.

ელინ ერსონის პროტესტი ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა. შვედ სტუდენტს The Guardian დაუკავშირდა და სთხოვა, უფრო მეტი მოეყოლა თავისი თავის, იმ წუთებისა და საიმიგრაციო პოლიტიკის შესახებ.

„ელინ ერსონის Facebook Live-ში გაიგებდით მგზავრების შეძახილებს: „ჩვენ წასვლა გვინდა, დაჯექი!“ ერსონს ლოყები შეუწითლდა, თვალები აუცრემლიანდა, მაგრამ არ დამჯდარა და ისევ მტკიცე ხმით განაგრძობდა საუბარს“, - წერს The Guardian.

გეტებორგი-სტამბოლის რეისის ეკიპაჟის წევრი ერსონს დაჯდომას დაჟინებით სთხოვდა. „შენ წესების დამრღვევი მგზავრი ხარ“ - მიმართავდა ახალგაზრდა ქალს, მაგრამ ერსონი არ ემორჩილებოდა. „მე რაც შემიძლია, ყველაფერს გავაკეთებ, რომ გადავარჩინო ადამიანის სიცოცხლე“, - ამბობდა ელინი.

The Guardian-თან საუბარში ელინი ვერ იხსენებს, იმ წუთებში რას გრძნობდა. „მე იმდენად კონცენტრირებული ვიყავი, რომ არც შემიმჩნევია, როგორ მიყურებდა ყველა. მე მხოლოდ იმ კაცის ავღანეთში დეპორტაციის შეჩერებაზე ვფიქრობდი“, - იხსენებს ერსონი.

ელინ ერსონის პროტესტი ხმაურიანი აღმოჩნდა. მისი ვიდეო ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა, მიუხედავად იმისა, რომ იქ ძირითადად მხოლოდ მისი სახე ჩანს, სხვა მგზავრებს კადრში გამოჩენა არ სურდათ, ელინი კი პროტესტს არ წყვეტდა.

თვითმფრინავში დაძაბული ატმოსფერო იყო. ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც კადრში არ ჩანს, ერსონს მიუახლოვდა. „შენ აქ ყველას გვაბრაზებ“ - მიმართა ელინს და ტელეფონის წართმევა სცადა. „მე არ მადარდებს, თქვენ რას ფიქრობთ“, - ისმის ვიდეოში ერსონის ხმაც.

ერსონის წინააღმდეგ სხვებიც აყვირდნენ. „შენ საშუალებას არ გვაძლევ, ჩვენი დანიშნულების ადგილებში მოვხვდეთ“, - ეჩხუბებოდნენ მას. ერსონს უკან არ დაუხევია, „მაგრამ თქვენ არ დაიხოცებით, ის კი მოკვდება“, - პასუხობს ახალგაზრდა ქალი.

საბოლოოდ, ერსონმა ვიდეოს გადაღება შეწყვიტა, მაგრამ არა იმიტომ, რომ ასე მოუწოდებდნენ. ცოტა ხანში, მას სხვებიც გამოექომაგნენ, ჯერ ერთი კაცი წამოდგა მხარდაჭერისთვის, შემდეგ კი სოლიდარობა თვითმფრინავში მჯდომმა ფეხბურთელთა გუნდის წევრებმაც გამოუცხადეს.

„მხარდაჭერა სასიამოვნო იყო, ვიგრძენი, რომ მარტო არ ვიყავი“, - იხსენებს ერსონი. პირი, ვისი დეპორტაციაც სურდათ, ავღანელი მამაკაცი იყო. ერსონმა რეისზე ბილეთი სპეციალურად შეიძინა, რათა დეპორტაცია შეეჩერებინა, შემდეგ კი აიძულა ეკიპაჟი, შეეწყვიტათ პროცედურა და მამაკაცი თვითმფრინავიდან ჩაეყვანათ.

ერსონი ამ დროს უკვე თვითმფრინავის სხვა ნაწილში იყო და მისი პროტესტის შედეგი არ დაუნახავს, თუმცა სხვებისგან გაიგო, რომ ამ გაბედულმა ნაბიჯმა შედეგი გამოიღო.

21 წლის ელინ ერსონი გეტებორგის უნივერსიტეტის სტუდენტია. აპირებს, რომ სოციალური მუშაკი გახდეს, თან ლტოლვილთა ჯგუფებთან ერთი წელია, მოხალისედ მუშაობს.

2015 წელს შვედეთში 163 000-მა ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლებამ დეპორტაციის პოლიტიკა გაამკაცრა. ავღანელები ლტოლვილთა ნახევარზე მეტს შეადგენდნენ, თუმცა მხოლოდ 28%-ს მისცეს თავშესაფარი. ავღანეთი ე.წ. „უსაფრთხო ქვეყნად“ არის დასახელებული, მიუხედავად იქ არსებული სამხედრო კონფლიქტის და მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობისა. უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი უბრალოდ ლტოლვილთა დეპორტაციის მეტ საშუალებას იძლევა.

„იქ ხალხი უსაფრთხოდ არ არის. ისიც კი არ იციან, იცოცხლებენ თუ არა კიდევ ერთი დღე. მას შემდეგ, რაც ლტოლვილებთან მუშაობა დავიწყე, ვისმენ მათ ისტორიებს, სულ უფრო ვრწმუნდები, რომ არ შეიძლება ავღანეთში ვინმეს დეპორტაცია“, - ჰყვება The Guardian-თან ელინ ერსონი. „შვედეთს კი ლტოლვილებთან უკეთესი მოპყრობა მართებს“.

შვედეთში სექტემბერში მნიშვნელოვანი არჩევნები გაიმართება. ერსონი კი წინასაარჩევნო გარემოთი შეშფოთებულია, რადგან, მისი თქმით, ქვეყანაში ანტისაიმიგრაციო განწყობა იზრდება. „ყოველთვე ვხვდები ქუჩაში ნაცისტებს. ისინი სულ უფრო ძლიერდებიან“, - წუხს ერსონი.

თუმცა, რაკი მისი პროტესტი რეზონანსული აღმოჩნდა, ელინ ერსონს იმედი აქვს, რომ ამ თემაზე ხალხი უფრო მეტად დაფიქრდება. „ვიმედოვნებ, ხალხი თავიანთ მთავრობებს დაუსვამს კითხვას - როგორ ვექცევით ჩვენს ქვეყანაში ლტოლვილებს? ჩვენ გვჭირდება, რომ უფრო ახლოდან გავიცნოთ ის ადამიანები, ვისი ცხოვრებაც ამ საიმიგრაციო პოლიტიკამ ჯოჯოხეთად აქცია“, - ამბობს ერსონი.

ის დეპორტაციის შეჩერებას ადრეც ცდილობდა. ერსონი ეხმარებოდა თავშესაფრის მაძიებლებს ლეგალური გზებით შეეჩერებინათ დეპორტაცია, მაგრამ პროტესტის ეს ფორმა ახალგაზრდა აქტივისტისთვის პირველი იყო.

თავიდან მან და მისმა მეგობრებმა სხვის შესახებ გაიგეს, ახალგაზრდა ავღანელი მამაკაცი აქტივისტებმა ფრენამდე გააფრთხილეს და დეპორტაციისგან იხსნეს, მაგრამ აეროპორტში აღმოაჩინეს, რომ იმ თვითმფრინავით სხვების დეპორტაციაც იგეგმებოდა.

საბოლოოდ, ეს 50-წლამდე ავღანელი მამაკაცი აღმოჩნდა, ერსონიც დაუფიქრებლად ავიდა თვითმფრინავში და დეპორტაცია გააპროტესტა. 

„ტელეფონი ამოვიღე, მახსოვს. უბრალოდ, მინდოდა, სხვებსაც გაეგოთ რას ვაპროტესტებდი ამ თვითმფრინავში“, - იხსენებს ელინი.

მან იცოდა, რომ მგზავრები შეწუხდნენ, მაგრამ პროტესტი არ შეუწყვეტია. „თავიდან გაბრაზდნენ, რადგან არ ვუსმენდი ეკიპაჟის წევრებს, მაგრამ, როცა ჩემი პროტესტის შინაარსი გაიგეს, ბევრმა მათგანმა ეს სწორად მიიჩნია. მალე სხვებმა მხარიც დამიჭირეს“, - უყვება ერსონი The Guardian-ს.

„ის ბრიტანელი მამაკაცი კი ძალიან აგრესიული იყო. მაგრამ, ვიცოდი, მჯეროდა, რომ სიმართლე ჩემ მხარეს იყო. ვიცოდი, სხვებიც არ დაუშვებდნენ, რომ შემხებოდა ან მობილური წაერთმია“, - დასძენს ელინი.

ერსონი ჰყვება, რომ ბოლოს მასში ემოციებმა იმძლავრა. თვითმფრინავში მხარდაჭერა სულ უფრო იზრდებოდა, რამაც გული აუჩუყა, მაგრამ არ დავიწყებია, რომ ჰქონდა მისია, რომელიც ბოლომდე უნდა შეესრულებინა.

„მახსოვს, აეროპორტში ძალიან ავღელდი. დავინახე, რომ იმ კაცის ოჯახი ტიროდა. ამ დროს შემეშინდა, რომ ვერ შევძლებდი მის გადარჩენას, მაგრამ ბილეთზე ჩემი სახელი ეწერა და უკან დასახევი გზა არ იყო“, - იხსენებს ერსონი.

მისი თქმით, ყველაზე ცუდი ისაა, რომ ის მამაკაცი, რომელიც თავიდან თვითმფრინავში ასვლამდე გააფრთხილა, აღარ უნახავს. ამიტომ შიშობს, რომ შეიძლება სამართალდამცველებს სტოკჰოლმში წაეყვანათ და იქიდან გაეკეთებინათ მისი დეპორტაცია.

„ასე მუშაობს შვედეთი. დეპორტაციამდე არავინ იცის, რა ელოდება.  ოჯახის წევრებსა და ადვოკატებთანაც კი ვერ ახერხებენ დაკავშირებას. ამიტომ ჩემი მიზანია, შევაჩერო ავღანეთში დეპორტაცია“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^