მეცნიერებმა მარსზე წყლის არსებობის დამადასტურებელი მასალა იპოვეს.
უზარმაზარი ტბა მარსის სამხრეთ პოლუსის ყინულოვანი საფარის ქვეშ მდებარეობს. ტბა ზედაპირიდან 1.5 კილომეტრის სიღრმეში იმალება და გადაჭიმულია 20 კმ სიგრძეზე.
მეცნიერების ვარაუდით, ის არქტიკისა და ანტარქტიდის მყინვარების ქვეშ არსებული ტბების მსგავსია. ამიტომ, შესაძლებელია მათ მსგავსად სიცოცხლის გარკვეულ ფორმებს მალავდეს.
სხვადასხვა დროს წყლის არსებობას მარსზე წინა გამოკვლევებიც ადასტურებდა, მაგრამ თხევად მდგომარეობაში, დედამიწაზე არსებული წყლის მასივების მსგავსი ტბა პირველად აღმოაჩინეს.
მარსის წინა გამოკვლევების შემდეგ მეცნიერები წითელ პლანეტაზე სიცოცხლის არსებობას არ გამორიცხავდნენ. ეს აღმოჩენა კი მათ ვარაუდს მეტ საფუძველს უჩენს. დედამიწაზე ყინულის საფარქვეშ არსებული ტბების გამოკვლევაც დიდი ხანი არაა რაც დაიწყო, მაგრამ მეცნიერებმა შეძლეს ენახათ ჩვენს პლანეტაზე ასეთ რთულ პირობებშიც კი არსებული სიცოცხლის ფორმები.
ეს უნიკალური აღმოჩენა ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ხომალდს Mars Express-ს ეკუთვნის, რომელიც 2003 წელს გაეშვა და მას შემდეგ მარსის ორბიტაზე მოძრაობს.