საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, ხე-ტყის უკანონო ჭრა ქვეყანას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს, ამის გამო, მთავრობის რეაგიერება იქნება მკაცრი და ახალი რეგულაციებიც დაწესდება.
„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბოლო პერიოდის განმავლობაში გატარებული ღონისძებების შედეგად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით ხე-ტყის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე 15 პირი დააკავა.
მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ შეურიგებელი ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში. იჩეხება ტყეები, რომელთა აღდგენასაც ათასწლეულები სჭირდება. გამოუსწორებელი ზიანი ადგება ქვეყანას. ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები ამ უკანონობასთან მიმართებაში.
მინდა მოვუწოდო ყველას, რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს ესა თუ ის პირი, თუკი იქნება შემთხვევები, რომ ვინმე ხელს აფარებსს ამ უმსგავსო საქციელს, ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
ბახტაძის თქმით, ხე-ტყის ჭრის შემცირებისთვის დაწესდება გარკვეული რეგულაციები. ხე-ტყის იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდება, ექსპორტი კი გამკაცრდება.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხე-ტყის იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ხე-ტყის მოჭრას ექნება ნაკლები მოტივაცია, ამასთან ერთად მნიშვნელოვანი შეზუდვები დაწესდება საქართველოდან ე.წ. მორისა და ფიცრის ექსპორტზე.
რეგულაციები არის ძალიან ჯანსაღი და მნიშვნელოვანი იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც დღეს ჩვენ გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეგულაცია მომავალ წლებში საშუალებას მოგვცემს, რომ აღვადგინოთ მწვანე საფარი და მოვახდინოთ ე.წ. რეფორესტიზაცია, ანუ ტყის აღდგენის პროცესი“, - განაცხადა პრემიერმა.