დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მაისსა და ივნისში ინფექციური წარმოშობის დიარეის 2 463 შემთხვევა დაფიქსირდა. ცენტრის სამმართველოს უფროსის, ლევან ბაიდოშვილის განმარტებით, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით დიარეის რიცხვი შემცირდა, თუმცა არა მკვეთრად.
ის ვარაუდობს, რომ ასეთი შემთხვევები ივლისსა და აგვისტოში კიდევ უფრო მოიმატებს. ოქტომბრიდან კი შემცირდება. მისი განმარტებით, დიარეის შემთხვევები, როგორც წესი, ზაფხულის პერიოდში არდაგეგების, დასასვენებლად გასვლისა და მგზავრობების გამო მრავლდება.
„ყოველწლიურად სავარაუდო საკვებისმიერი ინფექციური წარმოშობის დიარეის დაახლოებით 18 000-მდე შემთხვევა ფიქსირდება და დაახლოებით 8000 ან 9000 გაზაფხულ-ზაფხულის 4 თვის განმავლობაში აღინიშნება. საქართველოს კლიმატური გარემო და გეოგრაფიული მდებარეობა ამ დაავადებების სწორედ ზაფხულის განმავლობაში გავრცელებას განაპირობებს. განსაკუთრებით იზრდება დიარეის შემთხვევები საკურორტო ზონებში და ეს ძირითადად არის შავიზღვისპირა საკურორტო ზონა“,- აღნიშნა ლევან ბაიდოშვილმა.
მისი განმარტებით, 4 თვის განმავლობაში გამოვლენილ 8 000 შემთხვევაში დაახლოებით 60-65% 14 წლამდე ასაკის ბავშვები არიან. ბაიდოშვილის შეფასებით, ეს ნორმალურია, რადგან ბავშვები ამ პერიოდში ეზოში ძალიან ბევრს თამაშობენ და შესაბამისად, დაუბანელი ხელებითაც ხშირად მიირთმევენ გაურეცხავ ხილსა და ბოსტნეულს.
სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, ამ სეზონზე მწერების მიერ გადატანილი ინფექციები არ დაფიქსირებულა. მისი თქმით, მალარიის შემთხვევა საქართველოში 2013 წლიდან აღარ გამოვლენილა.
„ზაფხულის პერიოდში აღინიშნება ისეთი მწერების გააქტიურება, რომელთაც ლეიშმანიოზი გადააქვთ, თუმცა დაავადებისთვის დამახასიათებელი საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდიდან გამომდინარე, ზაფხულში დაინფიცირებული და დაინვაზირებული პაციენტების გამოვლენას დაახლოებით სექტემბრის ბოლო-ოქტომბრის თვიდან ველოდებით. კოღოებისგან გადატანილი მალარია ან ფლებოტომუსებიდან გატანილი ლეიშმანიოზი ამ ეტაპზე, ზაფხულის პერიოდში ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ ყველა შემთხვევაში რამდენიმე, დაახლოებით 10-მდე პაციენტი გვიან შემოდგომით ნებისმიერ შემთხვევაში გამოვლინდება, იმიტომ რომ წლების დინამიკა დაახლოებით ასე გვიჩვენებს“,- განმარტავს ლევან ბაიდოშვილი.