პირველი არხის ვებ-გვერდმა გაავრცელა ფოტოები, რომელიც, მაუწყებლის თქმით, ასახავს, თუ როგორ მოაქვს ადიდებულ ენგურს სარეალიზაციოდ გამზადებული ხე-ტყე.
მაუწყებლის ინფორმაციით, ფოტო ბოლო წყალდიდობის დროსაა გადაღებული.
პირველმა არხმა აღნიშნული ფოტოები იმ ფონზე გაავრცელა, როდესაც სვანეთში საგამოძიებო სამსახური და სპეცრაზმია შესული. მათ იქ ყოფნის ოფიციალურ მიზეზი ხე-ტყის უკანონო ჭრის შემთხვევების გამოვლენაა.
„ლიბერალი“ დაუკავშირდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის უფროსს, ერასტი როდონაიას, რომლის თქმითაც, ფოტოზე სარეალიზაციო ხე-ტყე არ არის ასახული.
„ეს ტერიტორია არის ციცხვარი, დასახლებული პუნქტი ხაიშთან. აქ, სადაც წყალდაგუბებაა, ჩადებულია ტროსი ან ჯაჭვი, რომ ნაგავი წყალვარდნილამდე არ მივიდეს, რადგან შეიძლება ტურბინაში გაიჭედოს. ეს წყალსაცავს აქვს გაკეთებული.
ეგ ნაგავი, სახერხე ნამუშევარიც და სხვა ყველაფერიც ისეც მოაქვს ამ მდინარეებს, მაგრამ ბოლო წყალდიდობის დროს მოიმატა.
შეხედეთ ამ ფოტოს ზედაპირს. ის არ არის უსწორმასწორო, ერთ ხაზზეა. ეს გაკეთებულია იმიტომ, რომ ნაგავი არ წავიდეს ქვემოთ. - ამბობს სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის უფროსი, ერასტი როდონაია.