
ეროვნული სატყეო სააგენტო „პირველი არხის" ვებგვერდის მიერ გავრცელებულ ფოტომასალასთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს.
„სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში ხშირია გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები. აქედან გამომდინარე, მდინარე ენგურზე გავრცელებულ ფოტომასალაში ასახული ხე-ტყე, არაა გასაკვირი წარმოადგენდეს კანონდარღვევით მოპოვებულ, მათ შორის, სამასალე ხე-ტყეს, რასაც ვითარების შესწავლის შემდეგ, შესაბამისი ორგანოები დაადგენენ". - ნათქვამია სააგენტოს მიერ ჩვენთვის მოწვდილ ინფორმაციაში.
„ლიბერალი“ თავად თორნიკე გვაზავას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ რა არის ასახული ფოტოზე, ამას შესაბამისი სამსახურები დაადგენენ და გამორიცხული არაფერია, თუმცა ვერ ხვდება, საიდან ასკვნის პირველი არხი რომ ეს სარეალიზაციოდ გამზადებული ხე-ტყეა. „სურათით? ეს არაკომპეტენტურობაა" - ამბობს ის.
ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის უფროსი, ერასტი როდონაია „ლიბერალთან" საუბარში გამორიცხავს რომ ფოტოზე ხე-ტყეა ასახული:
„ეს ტერიტორია არის ციცხვარი, დასახლებული პუნქტი ხაიშთან. აქ, სადაც წყალდაგუბებაა, ჩადებულია ტროსი ან ჯაჭვი, რომ ნაგავი წყალვარდნილამდე არ მივიდეს, რადგან შეიძლება ტურბინაში გაიჭედოს. ეს წყალსაცავს აქვს გაკეთებული.
ეგ ნაგავი, სახერხე ნამუშევარიც და სხვა ყველაფერიც ისეც მოაქვს ამ მდინარეებს, მაგრამ ბოლო წყალდიდობის დროს მოიმატა.
შეხედეთ ამ ფოტოს ზედაპირს. ის არ არის უსწორმასწორო, ერთ ხაზზეა. ეს გაკეთებულია იმიტომ, რომ ნაგავი არ წავიდეს ქვემოთ. - ამბობს ლიბერალთან სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის უფროსი, ერასტი როდონაია.