ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისია მიმდინარე კვირას ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, შს მინისტრ გიორგი გახარიასა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს გამოკითხავს.
ამასთან, ამავე კვირაში გამოიკითხებიან მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული გ.ჯ. და გ.ბ.
ამ დრომდე კომისიის წევრებმა 70-მდე პირი გამოკითხეს. მათ შორის არიან შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლები, ინციდენტის თვითმხილველი არასრულწლოვნები და ხორავას ქუჩის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც მოზარდებს შორის დაპირისპირებას ადევნებდა თვალყურს.
ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებას ემსხვერპლნენ. ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად დადუნაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სარალიძე - 2 დეკემბერს საავადმყოფოში. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი მოზარდი ცნო დამნაშავედ, ერთი ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო მეორე - დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ პარლამენტმა გადაწყვიტა, საქმე საგამოძიებო კომისიის ფორმატში შეესწავლა.