Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა ბერკეტები მიიღო სახელმწიფომ რელიგიური კონფესიების კუთვნილი ძეგლების დასაცავად

30 ივლისი, 2018 18:25

ფოტო: კახეთის საინფორმაციო ცენტრი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ  დააკმაყოფილა მოქალაქეთა სარჩელი და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის რამდენიმე მუხლი არაკონსტიტუციურად ცნო. 

მოსარჩელე მხარეს წარმოადგენდნენ მოქალაქეები: მარინე მიზანდარი, გიორგი ჩიტიძე და ანა ჯიქურიძე, რომლებიც სადავოდ ხდიდნენ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმას, რომელიც  გამორიცხავდა რელიგიური კონფესიების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე ძეგლის დაცვისკენ მიმართული, კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი ვალდებულების გავრცელებას. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმა არღვევდა კანონის წინაშე თანასწორობისა (კონსტიტუციის მე-14 მუხლი) და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის (კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი) უფლებებს. 

იურისტმა გიორგი ჩიტიძემ „ლიბერალთან“ ისაუბრა საკონსტუტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შესახებ. მან აღნიშნა, რომ აქამდე რელიგიური კონფესიების საკუთრებაში არსებულ ძეგლებზე, რომლებსაც მეპატრონემ სათანადოდ ვერ მოუარა და მათზე მოვლა-პატრონობის წესები დარღვეულია, ამასთან, არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ამგვარ ფაქტებზე სახელმწიფოს არ ჰქონდა, შესაძლებლობა სამართლებრივი რეაგირება მოეხდინა. 

„საკითხი ეხება ისეთ დარღვევას, რომელიც  სისხლის სამართლის დანაშაული არ არის და უფრო მსუბუქი სახით სამართალდარღვევაა, ძეგლის მიმართ. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, სისხლის სამართლის დანაშაულად შეიძლება მივიჩნიოთ ის შემთხვევა, როდესაც სრულად ნადგურდება ძეგლი ან ისე  დაზიანდა, რომ შემდეგ მისი აღდგენა, რესტავრაცია შეუძლებელია. ძალიან კარგი მაგალითია ვარძიის შემთხვევა, რომელიც ზღვარზე იყო სისხლის სამართლის დანაშაულთან. ვარძიის შემთხვევაში, დასადგენი იყო ის ქმედება, რაც ჩაიდინეს შესაბამისმა პირებმა. ამ ფაქტს ჰქონდა არაერთგვაროვანი შეფასება. ჩემი პირადი აზრით, ვარძიის ხანძარი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ატარებდა და სახელმწიფოს რომ მოენდომებინა, ბრალსაც წაუყენებდა შესაბამის პირებს.  სისხლის სამართლის დანაშაული იყო მაგ: წმ. ბარბარეს ეკლესიაზე წარმოებული სამუშაოები  ბათუმში, ის სრულად განადგურდა  იმ ჩარევით, რაც მასზე  განახორციელეს“, - ამბობს გიორგი ჩიტაძე. 

წმ. ბარბარეს ეკლესია ადრე და ახლა

ჩიტიძე აღნიშნავს, რომ ხშირად აღინიშნება ძეგლზე ისეთი  დარღვევები, როგორიცაა სვეტიცხოველზე კონდიციონერების დამაგრება. ანუ დარღვევა, რომელიც  შეიძლება, გამოსწორდეს. აქამდე კანონის მიხედვით, თუ  რელიგიური კონფესია იყო მესაკუთრე, სახელმწიფოს არ ჰქონდა შესაძლებლობა ოფიციალურად მიეცა გაფრთხილება და  სახელმწიფო სასულიერო პირებს ძეგლის მოვლა-პატრონობის რეჟიმის დარღვევაზე მხოლოდ არაოფიციალურად აფრთხილებდა. ჩიტიძის თქმით, ეს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზეც დაადასტურა. 

გარდა ამისა, სახელმწიფოს არ ჰქონდა უფლება, მეპატრონის გარეშე ძეგლზე დაეწყო იმგვარი სამუშაოები, როგორებიცაა: რესტავრაცია, კონსერვაცია, რეაბილიაცია და ა.შ. 

„როგორც სასამართლომ განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური კონფესიების საკუთრებაშია კულტურული მემკვიდრეობა, თავად კულტურულ მემკვიდრეობაზე უფლება ჩვენი კონსტიტუციით არის აღიარებული და სახელმწიფოს ევალება, ნებისმიერ შემთხვევაში, მესაკუთრის სტატუსის მიუხედავად, მიმართოს ისეთ ქმედებებს, რომლებიც კანონით არის გათვალისწინებული: გააფრთხილოს, შემდეგ დააჯარიმოს, მისი ნებართვის გარეშე ძეგლზე აწარმოოს გადაუდებელი სამუშაოები და ა.შ.“, - განაცხადა ჩიტიძემ.

თუმცა სასამართლომ დაუშვა ერთადერთი გამონაკლისი: მაგ: თუ ძეგლის მოვლის ინტერესი წინააღმდეგობაში მოდის რელიგიური რიტუალის აღსრულებასთან, ამ შემთხვევაში რელიგიური თავისუფლების ინტერესი გახდება უპირატესი. 

„მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს (ალბათ, ისიც სასამართლოს მიერ), რამდენად შესაძლებელია, რომ ამ უფლების გამო ძეგლის მოვლა-პატრონობის ინტერესმა მეორე პლანზე გადაინაცვლოს. სასამართლოს მითითებითვე, ზოგადად ეს ორი ინტერესი ერთმანეთს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს და პირიქით, რელიგიური კონფესიის ინტერესშიც უნდა შედიოდეს, რომ ძეგლი მოვლილი იყოს და იმგვარად შენარჩუნებული, რომ რიტუალის გამართვის შესაძლებლობა იყოს“, - აღნიშნა ჩიტიძემ. 

ჩიტიძის თქმით, ერთ-ერთი მოსარჩელე იყო მარინე მიზანდარი [კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე], რომელიც ფლობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და მას, როგორც მესაკუთრეს, აქვს მთელი რიგი ვალდებულებები, რაც არ აქვთ რელიგიურ კონფესიებს. მოსარჩელს თქმით, ეს მიდგომა იყო დისკრიმინაციული, რაც სასამართლომ, ასევე გაითვალისწინა. თქვა, რომ მსგავსი ჩანაწერი არღვევს თანასწორობის პრინციპს. სასამართლომ, ასევე განმარტა,  რომ ადამიანს შეუძლია, ისარგებლოს კულტურული მემკვიდრეობით, ამ ბუნებრივი გარემოთი და ეს კონსტიტუციით მონიჭებული უფლებაა. 

„ძალიან მნიშვნელოვანი ის საკითხიც, რომ სასამართლომ თქვა, თუ რას ნიშნავს კულტურულ მეკვიდრეობაზე უფლება. ითქვა, რომ ყველა მოქალაქის ვალდებულებაა, იზრუნოს მემკვიდრეობაზე, მათ შორის უპირველესად სახელმწიფოა ვალდებული, იზრუნოს მასზე და  შექმნას ეფექტიანი კანონმდებლობა, შემდეგ კი ამ კანონმდებლობის ფარგლებში პოზიტიურად იმოქმედოს. მას უნდა ჰქონდეს ვალდებულება, ჩაერიოს ყველა შემთხვევაში. ეს არის ჩარჩო, სტანდარტი, რაც სამომავლოდ დაეხმარება სახელმწიფოს შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებაში“, - განაცხადა ჩიტიძემ. 

აღნიშნული გადაწყვეტილება მისი გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში.

„სახელმწიფოს უკვე გაუჩნდა შესაძლებლობა, იმ შემთხევაში, თუ მიიჩნევს, რომ ძეგლის მოვლა-პატრონობის რეჟიმი ირღვევა, პრევენციულად ჩაერიოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტებით. ეს იქნება გაფრთხილება, ჯარიმა, სხვადასხვა სამუშაოები და ბუნებრივია კომპესაციის მოთხოვნაც შეუძლია.  თუ სახელმწიფო დახარჯავს რესურს, მერე უნდა გადაიხადოს მესაკუთრემ", - ამბობს იურისტი.

ჩიტიძის თქმით, სასამართლომ ასევე იმსჯელა საქართველოს სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის დადებულ საკონსტიტუციო შეთანხმებაზე და აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება არ გამორიცხავს სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობას. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^