
ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში მდებარე ნასოფლარ ჰეღოს და ასევე 9 ციხე-სოფელსა და ნასოფლარს 2018 წლის 10 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის შესაბამისი ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ნასოფლარი მდებარეობს პირიქითის ალაზნის ხეობაში, სოფ. გირევის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლ. 2 კმ-ის მანძილზე. ნასოფლარი მდინარის მარცხენა ნაპირზე, მაღალი მთის ციცაბო კალთაზეა განლაგებული. ნაგებობების დიდი ნაწილი მნიშვნელოვანი დანაკარგებითაა მოღწეული, ნაწილი კი მხოლოდ გეგმის დონეზეა შემორჩენილი. შედარებით უკეთ გამოიყურება ოთხი კოშკი და ნასოფლარის ზემოთ მდებარე იოანე ნათლისცემლის ხატი.