„მე მხარს ვუჭერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
პრეზიდენტი უპასუხისმგებლოს უწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოზე თავდასხმასაც.
„ინსტიტუციებს ქვეყანაში ამ ბოლო დროს ძალიან ესხმიან ყველა მხრიდან, ამ ინსტიტუტებს თუ დავარბევთ მთლიანად, მაინტერესებს მერე ვინ დაიცავს ნებისმიერ კანონს“.
მაგრველაშვილმა NDI-ს უახლესი კვლევის შესახებ დასმულ კითხვას, რომელიც მათ შორის მარიხუანის ლეგალიზებას ეხებოდა (მოსახლეობის 74% ამბობს, რომ მარიხუანის ლეგალიზაცია არ უნდა მოხდეს), უპასუხა:
„მოდით ასე ვთქვათ, 74% ფიქრობს, რომ მარიხუანის მოხმარება არ არის კარგი და დადებითი ჩვევა. მე შემიძლია შევუერთდე ამ 74%-ს და ასევე შევუერთდე 90%-ს, ვისაც მიაჩნია, რომ სიგარეტის მოხმარება არის კატასტროფა. შემიძლია, შევუერთდე იმ მოქალაქეებსაც, ვინც ფიქრობს, რომ ალკოჰოლის მოხმარება არის ცუდი, მაგრამ უნდა გავავლოთ ზღვარი, ცუდი და კარგი ჩვევა ერთია და მე ვიზიარებ იმ ადამიანის პოზიციას, ვისაც არც ალკოჰოლის მოხმარება, არც მარიხუანის, არც ნიკოტინის არ მიაჩნია სწორი - ეს ერთი საკითხია და მეორე საკითხია, ჩვენ ამის გამო ადამიანები უნდა გვყავდეს ჩასმული ციხეში თუ არა“, - განაცხადა მარგველაშვილმა
პრეზიდენტის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სრულიად სწორი და ადამიანის თავისუფლებაზე ორიენტირებულია.
„შეიძლება, საკონსტიტუციო სასამართლოს 100% მიიჩნევდეს, რომ მარიხუანის მოხმარება არ არის კარგი, მაგრამ აქ ზღვარია, ერთი არის არ მოგწონდეს რაღაც და მეორეა ამის გამო ადამიანს ციხეში სვამდე“