უზენაესმა სასამართლომ გიორგი მამალაძის საქმე წარმოებაში არ მიიღო. უზენაესი სასამართლო საჩივრების წარმოებაში არ მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საჩივრები არ აკმაყოფილებდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის კრიტერიუმებს.
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 აგვისტოს განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორებისა და მსჯავრდებულ გიორგი მამალაძისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად. საჩივრები არ აკმაყოფილებდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის კრიტერიუმებს. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენი კანონიერია და წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებული პირის ბრალეულობა“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
გიორგი მამალაძე მსჯავრცებულია საქართველოს სსკ-ის 18,108-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მომზადებას და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას. მას მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.