
ცენტრალური საარჩევნო კომისია 2018 წლის 28 ოქტომბრის პრეზიდენტის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკს აქვეყნებს.
გრაფიკის მიხედვით, წინასაარჩევნო აგიტაცია 29 აგვისტოს იწყება.
► 8 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიამ, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.
პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ ცესკოსთვის განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა დაკავებული თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ საარჩევნო კოდექსის 99-1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირები.
► 28 სექტემბერს პრეზიდენტობის კანდიდატს განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს ცესკოს თავმჯდომარე (მე-100 მუხლის პირველი პუნქტი). ცესკოს თავმჯდომარე რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში პრეზიდენტობის კანდიდატს აძლევს შესაბამის მოწმობას.
► 4 ოქტომბერს ცესკო თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე აქვეყნებს ცნობას საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ, მისი სახელის, გვარის, დაბადების წლის, თანამდებობის (საქმიანობის), საცხოვრებელი ადგილისა და სამუშაო ადგილის მითითებით
►16 ოქტომბერს პრეზიდენტობის კანდიდატს უფლება აქვს, მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს.
►26 ოქტომბერს შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს.
► 26 ოქტომბერს დილის 8 საათის შემდეგ აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა.
► 27 ოქტომბერს 20 საათამდე საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებს გადასცემს საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს.
ასევე, პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ხმის უფლების მქონე ბრალდებულები/ მსჯავრდებულები არიან მოთავსებულნი, ხორციელდება მათი ინფორმირება კენჭისყრის დღის პროცედურებთან დაკავშირებით - ბუკლეტებისა და ფლაიერების საშუალებით, საარჩევნო სუბიექტებისა და მათ მიერ წარდგენილი კანდიდატების შესახებ.
► 27 ოქტომბერს აკრძალულია საარჩევნო სუბიექტის მიერ მისი წარმომადგენლის გამოწვევა ან/და შეცვლა.
► 28 ოქტომბერი - კვირა, არჩევნების დღე.
►17 ნოემბერს ცესკო თავის სხდომაზე აჯამებს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს, საარჩევნო ოლქების მიხედვით და აფორმებს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს.
არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე ცესკო თავის ვებგვერდზეØ აქვეყნებს თითოეული საარჩევნო უბნის მიხედვით არჩევნების შედეგების შესახებ ცნობას და მას არა უგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს პრესას და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს, ხოლო არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს შედგენისთანავე აქვეყნებს თავის ვებგვერდზე და გადასცემს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მას 2 დღის ვადაში აქვეყნებს.
►1 დეკემბერი - არჩევნების მეორე ტურის გამართვის ბოლო ვადა. არჩევნების მეორე ტურში დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მოხსნა.