პრეზიდენტმა 83 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის თქმით, შეწყალებულთა შორის არ არის გიორგი მამალაძე.
„გიორგი მამალაძე არ იყო მსჯავრდებულთა იმ სიაში, რომელთა საკითხებსაც განიხილავდა კომისია, შესაბამისად მასზე რეკომენდაციას ვერ წარუდგენდა კომისია პრეზიდენტს, ამასთან გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესი სრულად დამთავრდა გუშინ“,-განაცხადა ზვიად ქორიძემ.
უზენაესმა სასამართლომ გიორგი მამალაძის საქმე წარმოებაში არ მიიღო. უზენაესმა სასამართლომ საჩივრების წარმოებაში არ მიღებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაში იყო აღნიშნული, საჩივრები არ აკმაყოფილებდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის კრიტერიუმებს.
გიორგი მამალაძე მსჯავრცებულია საქართველოს სსკ-ის 18,108-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მომზადებას და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას. მას მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.