
პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის თქმით, მისთვის მოულოდნელი იყო ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილება. მისივე თქმით, ჯანმრთელობის გარდა, სხვა მიზეზი არ იცის, რის გამოც შეიძლებოდა გადამდგარიყო ნინო გვენეტაძე, თუმცა, როგორც სუბარი ამბობს, ის აქამდე საუბრობდა იუსტიციის საბჭოში არსებულ დისკომფორტსა და ზეწოლაზე.
„ძალიან მოულოდნელი იყო პირადად ჩემთვის ნინო გვენეტაძის ეს გადაწყვეტილება, ტაძარში ვიყავი, როცა გავიგე. არც გამიგია, რომ მსგავსი გადაწყვეტილების სურვილი ოდესმე ჰქონოდა. მე რაც წავიკითხე, მან განაცხადა, რომ ეს არის ჯანმრთელობის გამო, სავარაუდოდ ასეა, ნამდვილად არა მაქვს სხვა ინფორმაცია, სხვა მიზეზი ხომ არ არსებობს.
ჩვენ მოვისმინეთ ამ რამდენიმე თვის წინ ის საუბრობდა იმავე იუსტიციის საბჭოში არსებულ დისკომფორტზე, მის მიმართ ზეწოლაზე, თუმცა არა მგონია, ეს გამხდარიყო მიზეზი, რადგან მან თქვა ჯანმრთელობის მიზეზი, ალბათ, ეს უნდა ვივარაუდოთ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლომ ნინო გვენატაძის გადადგომის შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მას საზღვარგარეთ სჭირდება რამდენიმეთვიანი მკურნალობა.