სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრტერორისტულ ცენტრში საქართველოს მოქალაქე მალხაზ ტ.-ს მიმართ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. აღნიშნული პირი საბრძოლო იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულია. - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავცრელებს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს მოქალაქე მალხაზ ტ-ს მიმართ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით).
აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, აღნიშნული პირი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით).
მალხაზ ტ-ს საცხოვრებელი სახლის და სამსახურის ჩხრეკისას ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, ასევე „ისლამური სახელმწიფოს" სიმბოლიკიანი დროშები და სხვადასხვა ატრიბუტიკა.
დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“, -ნათქვმია სუს-ის განცხადებაში.