„საქართველოს NATO-ში შესვლამ შესაძლოა, „საშინელი კონფლიქტი" გამოიწვიოს და კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანოს" - ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა რადიო „კომერსანტთან" საუბარში განაცხადა, რომლის ნაწილიც ეთერში ორშაბათს გავიდა - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო TASS ავრცელებს.
მისი თქმით, 2008 წლის ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. „ეს არ იყო გარდაუვალი" - ამბობს მედვედევი.
ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიუსელში NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. „გასულ კვირას NATO-ს წევრმა ყველა ქვეყანამ დაადასტურა, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდება. ეს მოჰყვება იმ გადაწყვეტილებას, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა შეხვედრის შემდეგ.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, NATO-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრება მისი ქვეყნის ნაციონალურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ამის გამო, რუსეთს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ამ ორი ქვეყნის მიღებაზე უკიდურესად უარყოფითი რეაქცია ექნება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„ჩვენთვის ეს არის პირდაპირი და მყისიერი საფრთხე ჩვენი ნაციონალური უსაფრთხოებისთვის. ჩვენს საზღვრებთან NATO-ს ინფრასტრუქტურის მოახლოება არის საფრთხე და ამაზე რეაქცია უკიდურესად ნეგატიური იქნება“, - თქვა პუტინმა შეკითხვის საპასუხოდ, როგორი დამოკიდებულება ექნება რუსეთს უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრებაზე.
NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა ქვეყნის NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ, გაზრდილია.
მოსახლეობის 75%-თვის კი მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს NATO-ს წევრი.