
საქართველოს პარლამენტის წევრი, დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მან ოფიციალურად პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ამ გადაწყვეტილებამდე მისვლა არის მძიმე და მით უმეტეს იმ დროს, როცა ასევე იცით რომ მქონდა ჩემი შვილის ქორწილი ამ დღეებში, რაც ნიშნავს, რომ მალე ალბათ იქნებიან შვილიშვილები და მე უკვე ვიცი, რომ ამ ვალდებულებას ალბათ ნაკლებად შევასრულებ და ამაზეც ვფიქრობდი ამ დღეებში როცა ვფიქრობდი ჩავერთო თუ არ ჩავერთო ამ ძალიან რთულ მარათონში, მაგრამ ამავე დროს ეს დიდი პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობა, მე ამავე დროს ვარ ვალდებული ჩემი წინასპრების წინაშე და არამხოლოდ მათ წინაში, ყველას წინაშე, ვინც 100 წლის წინ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და შემდეგ ეს დამოუკისებლობა ვეღარ აცოცხლეს - ზოგი წავიდა, ზოგი დარჩა და ბევრი ადამიანი იყო ჩემს ოჯახში და არამხოლოდ ჩემს ოჯახში, ვინც იქნებოდა საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი და ვერ გახდა ვერც პრეზიდენტი, ვერც პარლამენტში ვერ იმუშავა, სახელმწიფო მოღვაწეობა ვერ შეასრულეს, რისთვისაც ჩემზე მეტად მზად იყვნენ და დღეს ვთვლი, რომ ამ ადამიანებისთვის არ შეიძლება ამ გამოწვევაზე უარის თქმა. ეს არის ჩემი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი, რისთვის ვიქნები პრეზიდენტი,“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, მისი მთავარი ამოცანა სტაბილურობა იქნება.
„ეყოფა ამ ქვეყანას ის, რაც გაიარა - ომი, კონფლიქტები და ომის დღეები ახლა მოდის და ამთემაზე ცალკე კიდევ ბევრი გვექნება სათქმელი და გასახსენებელი, ეყოფა ამ ქვეყანას შიდა კონფლიქტები, ტერიტორიების დაკარგვა და არამხოლოდ ის ბოლო ტერიტორიები, თუ ჩვენ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, მე არ მახსენდება სხვა ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ამდენი ტერიტორია დაკარგა საუკუნე-ნახევარში. გვყოფნის შიდა დაძაბულობა, სიძულვილიც, და უნდა გადავიდეთ ახალ ეტაპზე“
ზურაბიშვილის თქმით, შეიძლება ქალი პრეზიდენტი იყოს უფრო შემწყნარებელი „ვიდრე პოლიტიკაში, კინკლაობაში ჩართული პოლიტიკოსები“.
______________________________________________
სალომე ზურაბიშვილს განათლება პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით აქვს მიღებული. არის ამავე ინსტიტუტის პროფესორი. ზურაბიშვილი ის 2004-2005 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მანამდე კი 2003-2004 წლებში იყო საქართველოს ელჩი საფრანგეთში. 2006-2010 წლებში ზურაბიშვილი იყო პარტია „საქართველოს გზის“ თავმჯდომარე.