ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ტყიბულის შახტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ შახტის ადმინისტრაციის 6 თანამშრომელი დააკავა. ესენი არიან: მინდელის სახელობის შახტის დირექტორი, ამავე შახტის მთავარი ინჟინერი, შახტის მენეჯერი, N1 ნახშირმოპოვებითი უბნის უფროსი, ამავე უბნის უფროსის მოადგილე და უფროსის თანაშემწე;
„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირების მიერ დარღვეულ იქნა „ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნები, რომლის თანახმად, აკრძალულია იმ შახტებში მუშაობა, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების წესები.
მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული პირებისთვის ცნობილი იყო მინდელის სახელობის შახტში უსაფრთხოების წესების დარღვევის შესახებ, კერძოდ, მათთვის ცნობილი იყო, რომ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, შახტში ჭერი არ იყო გამაგრებული და ხელოვნურად ჩამოშლილი, 2018 წლის თებერვალში დაიწყო სამთო სამუშაოების წარმოება", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
5 აპრილს, დაახლოებით, 03:30 საათზე, ქვანახშირის მოპოვებითი სამუშაოების წარმოების დროს მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც ჭერი ჩამოინგრა და მიღებული მრავლობითი დაზიანებების გამო გარდაიცვალა შახტის 6 თანამშრომელი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო ორმა მეშახტემ.