
6 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შპს „ჯორჯიან ეარვეისს“, რომელმაც შეზღუდული გადაადგილების შესაძლებლობის მქონე პირი არ უზრუნველყო ეტლით - ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
სახალხო დამცველის რეკომენდაციით, კომპანიამ ვებ-გვერდზე დეტალურად უნდა გაწეროს შეზღუდული შესაძლებლობის და მობილობის მქონე მგზავრების უფლებები; ასევე, მიაწოდოს საკუთარ პერსონალს შეზღუდული შესაძლებლობის და მობილობის მქონე პირების სპეციფიკური საჭიროებების შესახებ ინფორმაცია.
„კომპანიის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, ეტლით სარგებლობისთვის საჭირო იყო წინასწარი გაფრთხილება 72 საათით ადრე. ვინაიდან მოქალაქის გამგზავრება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, უფრო მცირე დროით ადრე დაიგეგმა, აეროპორტში რეგისტრაციის გავლისას, მან კომპანიის წარმომადგენლისგან ეტლის გამოყოფაზე უარი მიიღო, სხვა თანამშრომელმა კი 104 ევროს გადახდა მოსთხოვა. უნდა აღინიშნოს, რომ ავიაკომპანიის ვებგვერდზე ამ საფასურის შესახებ არაფერი იყო მითითებული. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იძულებული გახდა ფეხით გადაადგილებულიყო, რამაც ჭრილობიდან სისხლდენა გამოიწვია“
სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განმცხადებელმა სხვა შეზღუდული მობილობის მქონე იმ პირებისგან განსხვავებით, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ რეისამდე 72 საათით ადრე გააფრთხილონ ავიაგადამყვანი სპეციალური საჭიროების თაობაზე, ვერ გამოიყენა მისთვის განკუთვნილი სპეციალური მომსახურება, რამაც, თავის მხრივ, მძიმე შედეგი გამოიწვია. გარდა ამისა, განმცხადებლისთვის ეტლით მომსახურების დამატებითი ხარჯების მოთხოვნით, განმცხადებელი სხვა მგზავრებთან შედარებით, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენების საფუძველი გახდა.