ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტების „მედფორმინის“, „გლიმეპრიდისა“ და „გლიკლაზიდის“ საბაზრო ფასი განახევრდა. დიაბეტის სამკურნალო პრეპარატების ფასი ჯანდაცვის სამინისტროსა და კერძო კომპანიების ერთობლივი პროექტის ფარგლებში შემცირდა.
„2018 წლის დასაწყისში ჯანდაცვის სამინისტროსა და ფარმმწარმოებლებს შორის შედგა თანამშრომლობა, რაც კერძო სექტორისა და სახელმწიფოს პარტნიორობის მოდელს წარმოადგენს. პროექტში მონაწილეობა ფარმმწარმოებელი კომპანიებისათვის სოციალურ-კორპორაციულ პასუხიმგებლობას ითვალისწინებდა.
ამ ერთობლივი პროექტის პირველი შედეგი მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტების საბაზრო ფასის განახევრებას გულისხმობს“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამეტებით უზრუნველყოფის პროგრამა კიდევ გაფართოვდება.
სექტემბრის დასაწყისში ამოქმედდება პროგრამის შემდეგი ეტაპი, რაც ითვალისწინებს საპენსიო ასაკის მოსახლეობისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იაფი მედიკამენტებით უზრუნველყოფას. სამინისტროს განცხადებით, პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომობა შეეხება ყველაზე ფართოდ გავრცელებულ - გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს.
„პროგრამა შემდგომში გაფართოვდება და მოიცავს სხვა ქრონიკულ დაავადებებს, რომლის მკურნალობაც ყველაზე დიდ ტვირთად აწევს მოსახლეობას.
თუკი დღემდე მედიკამენტების მოწოდება ხდებოდა ერთი სააფთიაქო ქსელის მეშვეობით, ამიერიდან პროგრამაში ჩაერთვება სხვა სააფთიაქო ქსელებისა და აფთიაქების უმეტესობა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მოსახლეობისათვის ამ მედიკამენტებზე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობასაც“, - წერს ჯანდაცვის სამინისტრო.