„ვიწყებ ხელმოწერების შეგროვებას და ბოლომდე გავიყვან ჩემს კანდიდატურას, - განუცხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოში, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციის მიზნით, საინიციატივო ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა.
ცესკოში მასთან ერთად იმყოფებოდნენ რეჟისორი თემურ ბაბლუანი, მოდელი თაკო ჩხეიძე და საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრები.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო კამპანიას, ოფიციალურად, დიდი ჯიხაიშიდან, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმიდან დაიწყებს.
„დღეს ცესკოში ჩემი კანდიდატურა ოფიციალურად წარვადგინე. ეს არ არის საბოლოო რეგისტრაცია. მოგვიანებით უნდა მოვიტანოთ მხარდამჭერთა ხელმოწერები. ამაზე მუშაობას ხვალიდან ვიწყებთ იმისათვის, რომ თბილისსა და რეგიონებში ჩემი ყველა მხარდამჭერის ხელმოწერა შეგროვდეს. მეც ვივლი იმ ადგილებში, სადაც ხალხმრავლობაა და მონაწილეობას მივიღებ ხელმოწერების შეგროვებაში. ეს არის საზოგადოების ჩართულობის პირველი ნიშანი და მე ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. ხუთშაბათს ჩემს კამპანიას ოფიციალურად დავიწებ დიდი ჯიხაიშიდან, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმიდან. ვფიქრობ, სწორი იქნება, იქიდან დავიწყო ჩემი კამპანია და იქიდან განვაცხადო, თუ რა იქნება ჩემი, როგორც პრეზიდენტის თვალსაზრისი.
ვიწყებ ხელმოწერების შეგროვებას და ბოლომდე გავიყვან ჩემს კანდიდატურას," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეკითხვაზე, რას ფიქრობს „ქართული ოცნების" მხარდაჭერაზე, განაცხადა, რომ ის მმართველი პარტიის მაგივრად ვერაფერს ვერ იტყვის და თუ დაუჭერენ მის კანდიდატურას მხარს,ეს მისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
„თუ იქნება მათი მხარდაჭერა ეს იქნება მნიშვნელოვანი და იმედია იქნება." - განაცხადა ზურაბიშვილმა.