საერთაშორისო კინოფესტივალ CineDoc-ის ფარგლებში აჭარაში რეგიონალური კინოჩვენებები გაიმართა.
კინოჩვენებები 25 ივლისს ბათუმის წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის მოხუცთა თავშესაფარში დაიწყო, სადაც ნაჩვენები იყო ცირა გვასალიას ფილმი ,,ოთახები"
როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, ფილმის სიუჟეტიც მოხუცთა თავშესაფარში ვითარდება, „ამიტომ იქაური ბებია-ბაბუებისთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა თავიანთი ყოველდღიური ცხოვრების ეკრანებზე ნახვა. ჩვენების შემდეგ გვქონდა მცირე დისკუსია, რამდენად დაინახეს საკუთარი თავი ფილმის გმირებში. ასევე ვისაუბრეთ, რის შეცვა/გაუმჯობესებას ისურვებდნენ ადგილზე“
შემდეგი კინოჩვენება ქედაში, ღია ცისქვეშ გაიმართა. ადგილობრივებმა მაკა გოგალაძის ფილმი ,,ღმერთო, მადლობა ჩაისთვის" ნახეს. დისკუსიის თემა კი შრომითი მიგრაცია იყო
„ეს მაღალმთიანი აჭარისთვის საკმაოდ აქტუალური და მტკივნეული თემაა. მოვისმინეთ როგორც თვითონ შრომითი მიგრაციაში მყოფი, ისე ბავშვებისა და მოზარდების აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
დასკვნითი კინოჩვენება კი ბეშუმში, მიტოვებული კინოთეატრის ტერიტორიაზე, ღია ცისქვეშ გაიმართა.
ნაჩვენები იყო რუმინელი რეჟისორის, ალექსანდრუ ბელკის ფილმი ,,კინო, ჩემი სიყვარული". დღის თემა კი იყო ,,საქართველო, როგორც საუკეთესო კინოლოკაცია".
„ფილმის სიუჟეტი მიტოვებული კინოთეატრის ირგვლივ ვითარდება, ამიტომ ლოკაციაც მეტად სიმბოლური გვქონდა“.
ჩვენების შემდეგ დისკუსია გამართა კინორეჟისორმა. ზაზა ხალვაშმა, რომელმაც ისაუბრა საქართველოს როლზე მსოფლიო კინოში.