პანკისში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ დეპარტამენტში, მოწმის სახით, დაკითხვაზეა დაბარებული.
„ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენლის, თამთა მიქელაძის ინფორმაციით, დაკითხვა დღეს, 12 საათზეა დანიშნული. მიქელაძის განმარტებით, უცნობია, კონკრეტულად რა საკითხთან დაკავშირებით დაკითხავენ მაჩალიკაშვილს. იურისტი ვარაუდობს, რომ ეს მაჩალიკაშვილის მიერ 31 მაისს გაკეთებულ განცხადებას ეხება.
„ორ თვეზე მეტი დრო გავიდა ამ განცხადებაზე გამოძიების დაწყების მომენტიდან და ჩვენი არაერთი მიმართვის მიუხედავად, ამ საქმეზე არც ერთი ტიპის ინფორმაცია პროკურატურას არ მოუწოდებია. საინტერესოა, დაკითხვის შინაარსი და სტრატეგია. ჩვენი ადვოკატი მასთან ერთად იქნება”, – წერს თამთა მიქელაძე „ფეისბუკზე".
31 მაისს, რუსთაველის გამზირზე აქციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ განაცხადა, რომ მას და კიდევ რამდენიმე ადამიანს ფიცი ჰქონდათ დადებული, მისულიყვნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და თავი აეფეთქებინათ, თუმცა ეს ქართველი ერის სიყვარულის გამო გადაიფიქრეს. აღნიშნულ განცხადებას უსაფრთხოების სამსახური 12 ივნისიდან იძიებს.
მაჩალიკაშვილმა თავისი ნათქვამი მოგვიანებით განმარტა და აღნიშნა, რომ მისთვის სიკვდილზე მეტია ტერორიზმში დადანაშაულება: „შვილი ამათ ჩამიცხრილეს ლოგინში და ტერორიზმში დაადანაშაულეს. ამის შემდეგ მეუბნებიან, შენ ასეთ განცხადებას აკეთებო. იმას აღარ ფიქრობენ, მუსლიმ კაცს რაღაც თუ წამომცდა, მაგას კუდს გამოაბამენ, ეს არ არის კარგი საქციელი. შეიძლება ემოციურად მომივიდა, შეიძლება ჩემ ადგილას ნებისმიერი ასე მოქცეულიყო, მაგრამ ეს რომ გაეკეთებინა ჩემს ხალხს, ჩეჩენ ხალხს ჩემთან, მე მართლა ავიფეთქებდი თავს და დავაყოლებდი მათ ათას ადამიანს ჩემს თემირლანს, მაგრამ მე ამას საქართველოში არც გავაკეთებდი და არც გავაკეთებ,” – თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.