თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ამერიკულ ელექტრონულ პროდუქციას ბოიკოტს გამუცხადებს. ამის მიზეზი აშშ-ის სანქციები და გაზრდილი ტარიფებია, რომელიც თურქეთში ამერიკელი პასტორის დაკავების შემდეგ ორ ქვეყანას შორის დავას მოჰყვა.
„თუ მათ iPhone აქვთ, სხვებს აქვთ Samsung-იც, ჩვენს ქვეყანაში, მაგალითად, კიდევ არის Venus და Vestel“, - განაცხადა ერდოღანმა ამერიკული ელექტრონული პროდუქციის ბოიკოტის შესახებ.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ის მიიღებს საჭირო ზომებს ქვეყნის ეკონომიკისა და ვალუტის სტაბილურობისთვის, რომელსაც პრობლემები შეექმნა ვაშინგტონთან დავის შემდეგ. ერდოღანი მიიჩნევს, რომ ამ დავაში ეკონომიკაზე ფიქრზე მეტად მტკიცე პოლიტიკური ნაბიჯები იყო საჭირო. „თუ ჩვენ უცხოურ ვალუტაზე გადავალთ, ეს მტერთან დანებებას ნიშნავს“, - დასძენს თურქეთის პრეზიდენტი.
ერდოღანმა ასევე გააფრთხილა თეთრი სახლი, რომ ყველას, ვინც მის ქვეყანასთან ეკონომიკურ ომს დაიწყებს, საფასურის გადახდა მოუწევს და ვაშინგტონის მოქმედებებს „ზურგში დანის ჩარტყმა“ უწოდა.
დღეს ლირამ თურქეთში დიდი ვარდნის შემდეგ მცირედით დასტაბილურება დაიწყო და თურქული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 5%-ით გამყარდა. ამჟამად ერთი ამერიკული დოლარი 6.5 ლირას უდრის, ხოლო ორშაბათ საღამოს ეს ნიშნული 6.88-მდე იყო ასული.