აშშ-ში, იუტას შტატში მამაკაცმა, რომელიც ოჯახური კონფლიქტის გამო დააკავეს, გირაოთი გათავისუფლების შემდეგ თვითმფრინავი გაიტაცა და თავის სახლს შეაჯახა.
როგორც CNN წერს, ადგილობრივ პოლიციაში განაცხადეს, რომ ოჯახური კონფლიქტის შესახებ შეტყობინება თვითმხილველებისგან კვირას შევიდა განყოფილებაში. შუა ხნის მამაკაცი დუეინ იუდი, რომელიც ცოლს სცემდა, პოლიციამ დააკავა. მოგვიანებით მას სასამართლომ გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.
გათავისუფლებიდან რამდენიმე საათში პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ იუდის საცხოვრებელ სახლს თვითმფრინავი შეეჯახა.
დუეინ იუდი პროფესიონალი პილოტი იყო, ის მუშაობდა სამშენებლო კომპანიაში, რომლის საკუთრებაშიც იყო მის მიერ გატაცებული თვითმფრინავი. შეჯახების მომენტში სახლში იმყოფებოდნენ იუდის ცოლი და შვილი, რომლებმაც გაქცევა მოახერხეს. შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.