პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში საპრეზიდენტო პროგრამის კულტურის ნაწილის წარდგენისას განაცხადა, რომ ქვეყანაში ბევრი ახალი უსახური ეკლესია შენდება. მისი თქმით, უმჯობესი იქნება, თანხები, რომლითაც ეს ეკლესიები შენდება, ძველი ეკლესიების რესტავრაციისკენ იყოს მიმართული. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ის პატრიარქსა და მთავრობას ესაუბრება.
„იმისთვის, რომ ეს კულტურა კიდევ უფრო განვავითაროთ, კიდევ ერთი ასეთი ინიციატივა არის, რომელზედაც ველაპარაკები პატრიარქსაც და მთავრობასაც. იმის მაგივრად, რომ ყოველ წუთს ავაშენოთ საკმაოდ უსახური, ახალი ეკლესიები, ეს თანხები, რომელიც მიდის ახალ ეკლესიებზე, ჩაიდოს ძველი ეკლესიების აღორძინებაში, რესტავრაციაში.
ამიტომ ამაზე ერთად ვიმუშაოთ, მე ვიცი, რომ თანხები ბევრად მეტი უნდა ძველის რესტავრაციას, ვიდრე ახალს, მაგრამ ვნახოთ, რა შეიძლება. აქაც შესაძლოა ჩავრთოთ უცხოელები, შეიძლება ჩავრთოთ UNESCO, უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეები და მე ვიცი ასეთები, რომლებიც ბრუნდებიან თავიანთ სოფლებში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას.
დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანია დიდი ჯიხაიშიდან დაიწყო.