სასამართლოს გადაწყვეტილებაა, სასტუმრო "ველმონდი" დაიცალოს, ამიტომ აუცილებელია, კანონი აღსრულდეს - ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, სასტუმროს ადმინისტრაციისა და აჭარის მთავრობის მონაწილეობით დაწყებულია მუშაობა, რომ სასტუმროს სტუმრები დღეს და ხვალ სხვა სასტუმროებში განთავსდნენ: "საქმე ეხება ყველაზე კრიტიკულ, კვამლის გამწოვი სისტემის გაუმართაობას, რადგან სანამ 24-ე სართულიდან მეხანძრე ადამიანს გამოიყვანს, ის კვამლით არ უნდა გაიგუდოს".
ხუციშვილმა გაიხსენა დეკემბერში, კვამლის გამწოვი სისტემის გაუმართაობის გამო 11 ადამიანის დაღუპვის შემთხვევა. მისივე თქმით, საგანგებო სიტუაციების სამსახურის პრინციპული მოთხოვნაა, რომ ეს სისტემა გაკეთდეს.
"თუკი ეს სისტემა გაკეთდება და შესაბამისი პროცესი დაიწყება, ყველა სხვა რეკომენდაციაზე უფრო შერბილებული პოზიცია გვექნება და სასტუმროს შესაძლებლობა ექნება, მუშაობა გააგრძელოს. სასამართლომ გადაწყვეტილება ივლისის ბოლოს მიიღო. სასტუმროს ადმინისტრაციამ იცოდა, მათ ჰქონდათ გარკვეული გონივრული ვადა და სტუმრები აღარ უნდა მიეღოთ, ხოლო ვინც ჰყავდათ, ისინი ორგანიზებულად უნდა გაესტუმრებინდათ. ჩვენ ამისთვის მათ ადმინისტრაციას ვადა მივეცით. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაცილებით ადრე უნდა აღგვესრულებინა, მაგრამ სწორედ ბიზნესის ინტერესებისა და ტურისტული სეზონის გათვალისწინებით გარკვეული შეღავათი გავუწიეთ - მათ ამ ფაქტის შესახებ ორი კვირაა იციან“, - განაცხადა შალვა ხუციშცილმა.