გურიაში 16 წლის გოგოს თვითმკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.
შსს-ს განცხადებით, ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული მ.თ. თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით ოზურგეთში დააკავეს.
დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრები, 2002 წელს დაბადებული ნ.ბ. სოციალური ქსელის - Facebook-ის მეშვეობით გაიცნო. მ.თ.-ს გოგონასთან გარკვეული დროის განმავლობაში, ამავე ქსელის მეშვეობით მიმოწერა ჰქონდა.
მოგვიანებით, ბრალდებული ნ.ბ.-ს აღნიშნული მიმოწერის მისივე მშობლებისთვის გაგზავნით დაემუქრა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგონა ინტიმური ხასიათის ფოტოსურათებისა და ვიდეოკადრების გადაღებასა და გაგზავნაზე დაითანხმა.
მას შემდეგ, რაც ნ.ბ.-მ გადაღებული ფოტოები და ვიდეომასალა გადაუგზავნა, ბრალდებულმა გოგონას დაშანტაჟება დაიწყო, რის გამოც ამ უკანასკნელმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, 16 წლის გოგომ თავი 15 აგვისტოს მოიკლა.