„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ მონაცემებით, 2018 წლის პირველ ექვს თვეში ევროპაში წითელას შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. წელს ევროპის მასშტაბით ამ ვირუსით 41 000-ზე მეტი ადამიანი დაავადდა, მათგან 37 გარდაიცვალა.
ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი შემთხვევა - 23 000 უკრაინაში დაფიქსირდა. უკრაინის გარდა, წელს წითელას 1000-ზე მეტი შემთხვევა აღინიშნა ევროპის კიდევ 6 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გასული წლის ამავე პერიოდში წითელათი ევროპაში 23 927 ადამიანი დაავადდა, 2016 წელს კი - 5 273. სპეციალისტები ინფიცირების შემთხვევათა ზრდას იმით ხსნიან, რომ ადამიანები ვაქცინაციას უფრო იშვიათად მიმართავენ.
წელს უკრაინისა და საქართველოსთან ერთად წითელას 1000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთში, საბერძნეთში, იტალიაში, რუსეთსა და სერბეთში.
ყველა ამ ქვეყანაში ამ ვირუსით სიკვდილიანობის შემთხვევაც აღირიცხა, ყველაზე მეტი ადამიანი წითელამ სერბეთში იმსხვერპლა, სადაც 14 ადამიანი გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, პაატა იმნაძის თქმით, წითელას შემთხვევების შესახებ ცენტრი მოსახლეობას მუდმივად აფრთხილებს.
„წითელას შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ ვაქცინაციით, რომელიც უფასოა საქართველოში. ამიტომ მოვუწოდებთ ყველას აცრისკენ“, - უთხრა იმნაძემ „ლიბერალს“.