დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯერემი ჰანტის თქმით, 2014 წელს ყირიმის ანექსიის ალბათობა 2008 წელს საქართველოში რუსეთის ინტერვენციაზე სუსტმა პასუხმა გაზარდა. ჰანტის თქმით, ყირიმის ანექსიამდე ამ საუკუნეში კრემლის პირველი ინტერვენცია საქართველოში მოხდა.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს ავტორიტეტი განისაზღვრება იმით, თუ რამდენად ენდობიან მის დაპირებებს მეგობრები და რამდენად სერიოზულად ეკიდებიან მის მუქარას მტრები.
„ჩვენ კი, გაძლიერების ნაცვლად, ვასუსტებდით ჩვენს ავტორიტეტს“ - თქვა ჰანტმა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საერთაშორისო წესრიგის ჩამოყალიბებული ნორმები მუდმივად ირღვევა დიდი ქვეყნების მიერ, როგორიც რუსეთია. 2014 ყირიმის ანექსია იყო ევროპაში შეიარაღებული ძალების გამოყენებით ტერიტორიის მიერთების პირველი შემთხვევა 1945 წლის შემდეგ. თუმცა, ფაქტია, რომ ეს ამ საუკუნეში არ იყო კრემლის პირველი ტერიტორიული ინტერვენცია, პირველი იყო 2008 წელს საქართველოში ინტერვენცია“, - განაცხადა ჰანტმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯერემი ჰანტმა საქართველოში რუსულ ოკუპაციაზე ვაშინგტონში, მშვიდობის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.